მზია ამაღლობელის საქმე

ომბუდსმენმა მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ომბუდმენის აპარატის ცნობით, დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე. ასევე, განხილულია, რომ "დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა".

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.

"აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა.

ამგვარი რისკები პოტენციურად, შესაძლოა, ყველა სამართალწარმოების ფარგლებში არსებობდეს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.

პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში აგრეთვე, მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა.

ამასთან, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო წარმოდგენილ ბრალდების შესახებ დადგენილებას, პროკურორის შუამდგომლობას, სასამართლოს განჩინებას, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და დაასკვნა, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში" - ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები