ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონი: შვების მომგვრელია, ვიყო განკურნების პროცესში, მადლობა მხარდაჭერისთვის

ქეით მიდლტონი
Max Mumby/Indigo

უელსის პრინცესამ, 43 წლის ქეით მიდლტონმა თქვა, რომ იგი კიბოსგან "განკურნების პროცესშია" და ამჟამად გამოჯანმრთელებაზე კონცენტრირდება. 

"შვების მომგვრელია, ვიყო განკურნების პროცესში და ვფოკუსირდე გამოჯანმრთელებაზე. როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, რომლისთვისაც კიბოს დიაგნოზი დაუსვამთ, იცის, ახალ "ნორმალურზე" შეჩვევას დრო სჭირდება. [...] მადლობა ყველას თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის". - წერს მიდლტონი X-ზე. 

უელსის პრინცესამ პერსონალურ განცხადებაში მადლიერება გამოხატა Royal Marsden-ის ონკოლოგიური ცენტრისადმიც, რომელიც მას ამ დროის განმავლობაში მკურნალობდა. მიდლტონი კლინიკას განცხადების გამოქვეყნების დღესვე, 14 იანვარს მოულოდნელად ესტუმრა და დაადასტურა, რომ მკურნალობის ეტაპებს გასული წლის განმავლობაში სწორედ ამ ცენტრში გადიოდა. 

მიდლტონის კიბოს დიაგნოზი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის მარტში გახდა.

პრინცესას თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მან 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა "იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მდგომარეობა არ იყო სიმსივნური".

ქიმიოთერაპიის კურსამდე მიდლტონმა წარმატებული ოპერაციაც გაიკეთა. ქიმიოთერაპიის 9-თვიანი კურსი კი 2024 წლის სექტემბერში დაასრულა. 

კომენტარები