NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის. ამის შესახებ მან 13 იანვარს ევროპარლამენტის წევრებთან ისაუბრა.
რუტეს თქმით, უკრაინას არ აქვს ძლიერი პოზიცია იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში შევიდეს.
"ამ მომენტისთვის უკრაინა ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ჩვენ, კონფლიქტის დინამიკის შესაცვლელად მეტი უნდა გავაკეთოთ და დავეხმაროთ უკრაინას, რომ ეს ძლიერი პოზიცია მოიპოვოს" - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი.
"ჩვენ ყველა გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშვიდობა გრძელვადიანი იყოს [...] მშვიდობა ვერ იქნება ხანგრძლივი, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, რადგან ამის შემდეგ ის კიდევ უფრო წინ წავა" - აღნიშნა რუტემ.
ევროპარლამენტში გამოსვლისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ ევროპამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. მისი თქმით, ალიანსის მიერ მთლიანი შიდა პროდუქტისგან დადგენილი 2%-იანი ზღვარი მოსკოვისგან წამოსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი არ არის.
"ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, 4-5 წელიწადში რუსული ენის სწავლა ან ახალ ზელანდიაში გადასახლება მოგვიწევს" - თქვა რუტემ.