გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ.
გამოცემა Tagesspiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 3 მილიარდი ევრო ღირებულების დახმარების პაკეტს არ ბლოკავს.
"არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი მოვამზადეთ. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა. ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას". - თქვა პისტორიუსმა.
მანამდე, Spiegel-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი 23 თებერვალს დაგეგმილს არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა, მათ ინიციატივას ხელს უშლის ოლაფ შოლცის კანცელარია.





