2025 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები

რუმინეთის ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, მეორე – 18 მაისს გაიმართება

REUTERS/Andreea Campeanu/File Photo

რუმინეთის მთავრობამ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღები გამოაცხადა - პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება

თარიღებზე ქვეყნის მმართველი კოალიციის წევრი პარტიები - სოციალ-დემოკრატები, ნაციონალ-ლიბერალები, უნგრეთის უმცირესობის პარტია - და პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 8 იანვარს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

მთავრობა ოფიციალურ განკარგულებას არჩევნების თარიღების ოფიციალურად გამოცხადების შესახებ მომდევნო კვირას გამოსცემს. 

1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი ტურის შედეგების გაუქმების მიზეზი რუსეთის მიერ კოორდინირებული ონლაინ კამპანიის წარმოება გახდა, რითაც რუსეთი ცდილობდა, არჩევნებში სწორედ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე კალინ ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა. 

კომენტარები