რუმინეთი

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს - კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება.

რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა. 

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის შემდეგ, პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა. 

24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერმინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.

წინასაარჩევნო ეგზიტპოლები და კვლევები აჩვენებდნენ, რომ პირველ ადგილზე მმართველი პარტიის კანდიდატი გავიდოდა, ჯორჯესკუზე კი ვარაუდობდნენ, რომ ის ხმების დაახლოებით 5%-ს მოიპოვებდა. 

ჯორჯესკუ წარსულში პარტია ალიანსი რუმინელთა ერთობისთვის (AUR) წევრი იყო, თუმცა წლევანდელ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარმოდგენილი და კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას. NATO-სა და ევროკავშირის მიმართ საკუთარი სკეპტიციზმის მიუხედავად, ჯორჯესკუმ 26 ნოემბერს Youtube ვიდეოში განაცხადა:

"მე არ მსურს NATO-ს დატოვება, მე არ მსურს ევროკავშირის დატოვება, მაგრამ მე მსურს, რომ ვიდგეთ მტკიცედ, არ დავეთანხმოთ ყველაფერს და ვიმოქმედოთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებში".

წარსულში მან რუმინეთის ქალაქ დევესელუში NATO-ს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის სისტემას "დიპლომატიის სირცხვილი" უწოდა. მისი თქმით, NATO რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არცერთ თავის წევრს არ დაიცავს.

მეორე ტურში ჯორჯესკუს მოწინააღმდეგე ელენა ლასკონი იქნება, რომელიც ყოფილი ომის კორესპონდენტია და რუმინეთის გადარჩენის კავშირს (USR) 2018 წელს შეუერთდა, პარტიის ხელმძღვანელი კი წელს გახდა. ლასკონი უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს.

მეორე ტურის შედეგებზე, სავარაუდოდ, დიდი გავლენა ექნება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა პოზიციას, რადგან მოქმედ პრემიერმინისტრს ჯერ არცერთი კანდიდატისთვის არ გამოუცხადებია მხარდაჭერა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს ჯორჯესკუ და ლასკონი დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ანულირებულად ცნოს პირველი ტურის შედეგები, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება. 

კომენტარები