რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 18 მაისს ხელახლა გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, ჯორჯე სიმიონის სარჩელი არჩევნების შესახებ არ დააკმაყოფილა.
სიმიონმა 20 მაისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებდა, ამტკიცებდა რა, რომ არჩევნები უცხოური ჩარევით ჩატარდა, მათ შორის, საფრანგეთისა და მოლდოვის მხრიდან, ხოლო შედეგებზე გავლენა ხმების გაყალბებამ იქონია.
თუმცაღა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 22 მაისის განცხადებით, სიმიონის მოთხოვნა, ანულირებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, უარყოფილ იქნა – შემდეგი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებული ცენტრისტი კანდიდატი და ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დანი გახდება.
სიმიონმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო, "სახელმწიფო გადატრიალებად" შეაფასა და მხარდამჭერებს უახლოეს დღეებსა და კვირებში "ბრძოლისკენ" მოუწოდა.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ნიკუშორ დანმა თქვა, რომ "ყველასათვის თავიდანვე ცხადი იყო", რომ სიმიონის საჩივარი "სრულად ხელოვნური" იყო.
2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
მალევე ჩაინიშნა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 18 მაისს გაიმართა და დამოუკიდებელი ცენტრისტი კანდიდატისა და ბუქარესტის მერის, ნიკუშორ დანის გამარჯვებით დასრულდა.