წინასწარი შედეგებით, რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსული განწყობების მქონე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ის მეორე ტურში, 8 დეკემბერს პროდასავლური განწყობების მქონე მემარჯვენე ცენტრისტ კანდიდატს, ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.
წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (PSD)კანდიდატი, მარსელ ჩოლაკუ კი მესამე ადგილზე გავიდა და არჩევნებს გამოეთიშა.
ახლანდელი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 99.9% - ჯორჯესკუს ხმების 22.9% აქვს, ლასკონის კი - 19.16%.
წინასაარჩევნო ეგზიტპოლები და კვლევები აჩვენებდნენ, რომ პირველ ადგილზე მმართველი პარტიის კანდიდატი გავიდოდა, ჯორჯესკუზე კი ვარაუდობდნენ, რომ ის ხმების დაახლოებით 5%-ს მოიპოვებდა.
ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ მეორე ტურში ერთმანეთს ჩოლაკუ და NATO-ს მოწინააღმდეგე კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი დაუპირისპირდებოდნენ. ახლანდელი მონაცემებით, სიმიონი მეოთხე ადგილს იკავებს.
ლასკონი ყოფილი ომის კორესპონდენტია და რუმინეთის გადარჩენის კავშირს (USR) 2018 წელს შეუერთდა, პარტიის ხელმძღვანელი კი წელს გახდა. ლასკონი უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს.
ჯორჯესკუ წარსულში პარტიის, ალიანსი რუმინელთა ერთობისთვის (AUR) წევრი იყო, თუმცა წლევანდელ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარმოდგენილი და კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა.
"ჩვენ ძლიერები და გაბედულები ვართ. მრავალმა ჩვენგანმა მისცა ხმა და კიდევ უფრო მეტი იზამს ამას მომდევნო ტურში". - თქვა ჯორჯესკუმ 24 ნოემბრის საღამოს.
ჯორჯესკუს უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერა გამოუხატავს და რუმინეთის ქალაქ დევესელუში NATO-ს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის სისტემას "დიპლომატიის სირცხვილი" უწოდა. მისი თქმით, NATO რუსეთის თავდასხმის შემთხვევასი არცერთ თავის წევრს არ დაიცავს.





