აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო საკუთარ ინაუგურაციაზე მიიწვია, თუმცა ბოლსონარომ შესაძლოა, დასწრება ვერ მოახერხოს, რადგან მან ხელისუფლებას პასპორტი ჩააბარა 2023 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.
ბოლსონარომ X-ზე დაწერა, რომ მისმა ადვოკატმა ბრაზილიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მინისტრს პასპორტის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე გადაუგზავნა, რათა მან ამ "საპატიო და ისტორიულ ღონისძიებაზე" დასწრება შეძლოს.
2023 წლის 8 იანვარს ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვდნენ.
ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.