მთავარი არხი

რეესტრმა ქურდაძეს გაბუნიას მთავარი არხის გენ.დირექტორობიდან გადაყენების მოთხოვნა შეუჩერა

გიორგი ქურდაძე და გიორგი გაბუნია

საჯარო რეესტრმა მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლს, გიორგი [გოგი] ქურდაძეს არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნია თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა შეუჩერა. რეესტრი გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერს, რომ ქურდაძის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, შესაბამისად ამ ეტაპზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალიწინებული საფუძველი არ არსებობს. 

მთავარი არხის ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ 24 დეკემბერს საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით, რომ დაარეგისტრიროს ცვლილება არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძის განცხადებას თან ერთვოდა პირადი მეილიდან ამონაწერი, რომლის საფუძველზეც ის მთავარი არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას მოითხოვს. კერძოდ, გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის 29 ნოემბერს გაგზავნილი წერილი.

წერილში გაბუნია წერს, რომ "ვინაიდან დამფუძნებლების მიერ მიღებული ახალი წესდება მოქმედების სივრცეს აღარ უტოვებს", იძულებულია მიიღოს თანამდებობიდან გადადგომისა და არხის დატოვების გადაწყვეტილება. ის ასევე წერს, რომ 2 დეკემბერს გუნდთან და მენეჯმენტთან შეხვედრას გამართავს, მომდევნო დღეს კი იუსტიციის სახლში ოფიციალურად შეიტანს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. სწორედ ამ მონაკვეთებზე დაყრდნობით შეიტანა განცხადება ქურდაძემ საჯარო რეესტრში. 

"მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით", - წერია საჯარო რეესტრის დასკვნაში.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი ასევე განმარტავს, რომ გაბუნიას გადასაყენებლად არსებობს კიდევ ერთი გზა, კერძოდ არხის დამფუძნებლების [პარტნიორთა კრების] მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ქურდაძეს არც მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია. 

"გენერალური დირექტორის ცვლილების მიზნით შესაძლებელია ასევე წარმოდგენილი იქნას სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა კრების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება", - წერს რეესტრი. 

მთავარი არხის ერთ-ერთ დირექტორს, გიორგი [გოგი] ქურდაძეს 30 დღე აქვს რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

11 დეკემბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი. გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი მისი დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას.

კომენტარები