Wissol

ვისოლმა რეკლამიდან ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა – კომპანია ამბობს, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია

კომპანია Wissol-მა 2023 წელს გადაღებულ სარეკლამო რგოლიდან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა - განახლებულ რგოლში ახლა მხოლოდ მსახიობის ხელი ჩანს. მსახიობი რეჟიმის სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს - ჭიჭინაძეს ამჟამად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო შსს-ს განცხადებით, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც BM.GE-ს კომპანიამ განუმარტა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარეკლამო რგოლიდან ჭიჭინაძის კადრის ამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, "სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაციაა". 

კომპანიის განმარტებით, 2024 წლის სექტემბრიდან სარეკლამო რგოლი განმეორებით გავიდა სატელევიზიო ეთერში, რისთვისაც Wissol-მა მსახიობთან დამატებითი კონტრაქტი დადო. თუმცა ახალი შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ჭიჭინაძის კადრის "გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით" ჰქონდა. კომპანია ამ ფაქტს ასახელებს მიზეზად, თუ რატომ გავიდა დეკემბრიდან სატელევიზიო ეთერში აღნიშნული სარეკლამო რგოლი მხოლოდ მსახიობის ხელის გამოსახულებით. 

"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა "ვისოლის" ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან" - განუმარტეს BM.GE-ს ვისოლში. 

თუმცა, როგორც BM.GE წერს, უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ანდრო ჭიჭინაძესთან აღნიშნული კონტრაქტის გაგრძელება დაპატიმრებამდე, ვინაიდან, როგორც Wissol-ში აცხადებენ, კონტრაქტის შესაბამისად ჭიჭინაძე ვიდეო რგოლში 1-ელი დეკემბრიდან აღარ არის, მსახიობი კი 5 დეკემბერს დააკავეს. 

ანდრო ჭიჭინაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მსახიობს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები