საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, 2024 წელი ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით მდგომარეობა საგანგაშო იყო და რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
TI-ს ცნობით, მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე.
"განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.
პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს."- წერია განცხადებაში.
ორგანიზაციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები.
TI-ს განცხადებით, ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა 5 ძირითად კატეგორიას აერთიანებს:
- მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმების მაგალითები
- ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება
- მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები
- პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება
- მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რომ 2024 წელს კვლავ შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია. მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ.
"მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს". - წერია განცხადებაში.





