თეთრთავა არწივი ოფიციალურად აშშ-ს ეროვნული ფრინველი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი.
"თეთრთავა არწივი განასახიერებდა ამერიკულ ღირებულებებს მას შემდეგ, რაც იგი 1782 წელს გერბზე განათავსეს". - განაცხადა პრესტონ კუკმა, რომელიც თეთრთავა არწივის ეროვნულ სიმბოლოდ აღიარების კამპანიას წლების მანძილზე ედგა სათავეში.
კუკის თქმით, "ამ კანონპროექტით, პატივს მივაგებთ მის ისტორიულ როლს და ვამყარებთ მის ადგილს ჩვენს ეროვნულ ფრინველად და როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ".
აღნიშნული კანონპროექტის გარდა ჯო ბაიდენმა შობის ღამეს კიდევ 50-მდე კანონპროექტს მოაწერა ხელი.
თეთრთავა არწივი აშშ-ს ეროვნულ ფრინველად არაოფიციალურად მიიჩნეოდა მას შემდეგ, რაც იგი პირველად აშშ-ს გერბზე გამოჩნდა. ის აშშ-ს, როგორც ერის, სუვერენულობის სიმბოლოს წარმოადგენს.
თეთრთავა არწივი ასევე ქვეყნის პრეზიდენტის დროშაზე, წარმომადგენელთა პალატის კვერთხზე, სამხედრო ნიშნებსა და ერთდოლარიან კუპიურაზეა გამოსახული.





