ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

HRW: თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებებს აშკარად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა

სპეცრაზმი არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 30 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

HRW-ის ანგარიშის მიხედვით, თბილისში პოლიციამ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის ხერხებს მიმართა, მათ შორის, უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი და, როგორც აღმოჩნდა, სადამსჯელო ქმედებების ფარგლებში, დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ აქციის მონაწილეებს. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა როგორც პოლიციის მანქანებში, ისე პოლიციის განყოფილებებშიც.

"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ცემის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც ძალის გადაჭარბების ფაქტებზე" - ამბობს Human Rights Watch. 

უფლებადამცველი ორგანიზაცია პოლიციის ძალადობის ათობით მსხვერპლს გაესაუბრა, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა ტრავმები, მათ შორის, ტვინის შერყევები და მრავლობითი მოტეხილობები ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნების და კიდურების არეში. ამის მიუხედავად "ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს წაუყენა ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სერიოზულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეფექტური ზომები ვერ მიიღო" - ნათქვამია ანგარიშში. 

Human Rights Watch-მა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი  იდენტიფიცირებადი ნიშნები.

"ხელისუფლების მხრიდან ძალადობის დონე, ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, არის შოკისმომგვრელი, ცხადად სადამსჯელო და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და, ამავდროულად, ქართული ხელისუფლების მიერ მათი ანგარიშვალდებულების დაუყენებლობა მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ თავადვე აუნთო ძალადობას მწვანე შუქი ან თვალი დახუჭა მასზე.". - ამბობს ჰიუ უილიამსონი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი.

ანგარიშის მიხედვით, სპეცრაზმი და მთავრობასთან დაკავშირებული დამნაშავეთა ჯგუფის წევრებმა ძალადობრივად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რაც მედიას პროცესის გაშუქებაში ხელს უშლიდა. დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაერთიანება "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" შეკრიბა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში ჩარევისა და მათზე ძალადობის 70-ზე მეტი შემთხვევა.

HRW აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი. მათ უნდა დაასანქცირონ ქართველ დემონსტრანრებზე ძალადობისა და ცემის ბრძანების გამცემი და ამ ძალადობის აღმსრულებელი პირები.

"საქართველოს მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, რომელიც მშვიდობიანად იყენებდა შეკრების თავისუფლებას. პოლიციის მხრიდან მიზანმიმართულად დამტვრეული ძვლებისა და სხვა დაზიანებების შესახებ უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა". - ამბობს ჰიუ უილიამსონი

კომენტარები