ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თბილისის ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას საკრებულოში ოპოზიცია არ დაესწრება

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში, სადაც სხდომაზე კახა კალაძე თბილისის ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. 

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადების მიხედვით, მერთან "ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი". 

"კორუფციით სახელგანთქმულ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, შესაბამისად - არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა" - წერია კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებაში. 

გახარია საქართველოსთვის წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, ისინი არ დაესწრებიან დღევანდელ სხდომას საკრებულოში. 

"არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს;

ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია  სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.

ასეთ ვითარებაში, ჩვენ, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე ოცნების უმრავლესობასთან ერთად" - ამბობს ხვედელიანი.

სხდომას არ დაესწრება არც ძლიერი საქართველო. საბა ბუაძის თქმით, მათ კოალიციას კალაძესთან კითხვები არ გააჩნია. 

"დღეს ჩვენი ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენი კოალიცია და ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია" - ამბობს ბუაძე. 

საკრებულოში არ მივლენ არც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. 

"წარმოუდგენელია, ამ უნიღბო რუსთან, მოძალადეების მფარველთან ერთად დაჯდე და ვითომ, არაფერი ხდება ქვეყანაში, დემოკრატიობანა ითამაშო" - თქვა ნადირაძემ. 

კომენტარები