აზოვის ბრიგადა საკუთარ სოციალურ ქსელებზე ავრცელებს ცნობას, რომ ქმნიან აზოვის საერთაშორისო ბატალიონს.
"ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი იღებს უცხოელებს საკუთარ რიგებში. აზოვი არის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებში. 10 წელზე მეტია რაც ვებრძვით რუსეთის აგრესიას ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ." – ნათქვამია აზოვის გავრცელებულ ვიდეოში.
მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი დღეს შედის უკრაინის ეროვნულ გვარდიაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად აზოვის ბატალიონის სახელით იყო ცნობილი, 2014 წელს უკრაინელი ულტრანაციონალისტების მიერ შეიქმნა.
წლების განმავლობაში მოხალისეობრივი ჯგუფი გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფად - აზოვის ბრიგადად გარდაიქმნა. მოხდა ჯგუფის რებრენდინგიც. მისმა სამხედროებმა 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან საბრძოლო მოქმედებებში, როგორიც მარიუპოლის დაცვა იყო.
აზოვის ბაზაზე შეიქმნა უკრაინის სახმელეთო ძალების მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადაც.
უკრაინის რიგებში უკვე იბრძვის რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებშიც უცხოელი მოხალისეები ერთიანდებიან. მათ შორისაა 1-ელი, მე-2 და მე-3 საერთაშორისო ლეგიონები, ასევე დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონიც.





