ლუიჯი მანჯონე

რა ვიცით UnitedHealthcare-ის CEO-ს მკვლელობაში ბრალდებულის, ლუიჯი მანჯონეს შესახებ

ლუიჯი მანჯონე

რა ვიცით UnitedHealthcare-ის CEO-ს მკვლელობაში ბრალდებულის, ლუიჯი მანჯონეს შესახებ

4 დეკემბერს ნიუ იორკში ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანის, UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომფსონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

9 დეკემბერს კი სამართალდამცველებმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ალტონეში ტოფსონის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ლუიჯი მანჯონე დააკავეს. მის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ალტონეში მდებარე  McDonald's-ის თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც მანჯონე ახალ ამბებში ნანახ ეჭვმიტანილს მიამსგავსა.

ამ დროისთვის მანჯონეს განზრახ მკვლელობასთან ერთად, ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტის მეორე ხარისხის ფლობის ერთ პუნქტში, იარაღის მეორე ხარისხის უკანონო ფლობის ორ პუნქტსა და ცეცხლსასროლი იარაღის მესამე ხარისხის უკანონო ფლობის ერთ პუნქტში. ამასთან, პროკურორებმა მას ტერორიზმის ბრალდებაც დაუმატეს.

ტერორიზმის ბრალდებასთან დაკავშირებით, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ელვინ ბრეგმა აღნიშნა, რომ მანჯონეს ჩადენილი დანაშაულის მიზანი "ტერორის დათესვა იყო". ნიუ იორკის პოლიციის კომისრის მოადგილემ, რებეკა ვეინერმა კი აღნიშნა, რომ ტომფსონის მკვლელობაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციაც ცხადყოფს, რომ მანჯონეს ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების დაშინება იყო.

როგორც ამერიკული მედიას სამართალდამცავი უწყების მიერ გამოცემული ბიულეტენის ნახვის შემდეგ წერს, მკვლელობა, სავარაუდოდ, მოტივირებული იყო მანჯონეს მიერ გაღიზიანება სამედიცინო დაზღვევის კომპანიებისადმი, რომლებსაც იგი “პარაზიტულად” აღიქვამდა.

პოლიციის ცნობით, მანჯონეს ასევე აღმოუჩინეს ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც მუქარებს არ შეიცავს, თუმცა, ამერიკული კორპორაციებს მიმართ "მტრულ დამოკიდებულებაზე" მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ მანჯონე ბალტიმორის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი ოჯახი დაკავშირებულია, სხვადასხვა ტიპის ბიზნესებთან, მათ შორის, გოლფის კლუბებთან, თავშესაფრებთან და რადიოსადგურებთან.

ამასთან, მანჯონეს პენსილვანიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს ფლობს. პენსილვანიის უნივერსიტეტი აივი ლიგაში გაერთიანებული აშშ-ს რვა ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ერთ-ერთია.

CBS News-სთან საუბარში, მანჯონეს თანაკურსელმა აღნიშნა, რომ ის "სრულად ნორმალური" იყო და მას “უმაღლესი აკადემიური მოსწრება” ჰქონდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მანჯონემ ვიდეოთამაშების დეველოპმენტის კლუბი დაარსა და პარალელურად კი ავტომობილებით ვაჭრობის ციფრულ კომპანია TrueCar-ში მონაცემთა ინჟინრად მუშაობდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა მანჯონემ სამსახური გასულ წელს დატოვა.

ამერიკული მედიის ინფომრაციით, ჰქონდა სპონდილოლისტეზი, რის გამოც 2023 წლის ივლისში გაიკეთა ხერხემლის ოპერაცია.

მედიაში აღნიშნავენ, რომ მანჯონე Reddit-ზე ხშირად წერდა ხერხემლის პრობლემების შესახებ, სადაც ის საუბრობდა “ზურგის ქრონიკულ ტკივილსა” და ტკივილისგან გამოწვეულ “ტვინის დაბინდვაზე”.

BBC-სთან საუბარში მანჯონეს ყოფილი რუმმეითი, არჯეი მარტინი იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანჯონე “ხერხემლის ტკივილებზე იშვიათად საუბრობდა”, თუმცა, მისი პრობლემები იმდენად სერიოზული იყო, რომ მას ხელს ყოვედღიურ ცხოვრებაშიც უშლიდა და სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებშიც.

გამოძიების ცნობით, მანჯონეს მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი მკვლელობის მოტივაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს მის უკმაყოფილებას ჯანდაცვის სისტემის მიმართ. დაკავებისას აღმოჩენილ ხელნაწერში მანჯონე უკმაყოფილებას გამოხატავს “კორპორატიული სიხარბისა და ძალაუფლების” მიმართ. ასევე, აღნიშნავს, რომ “აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე ძვირია, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არ იზრდება”.

ამავდროულად, ამერიკული მედია მანჯონეს მიერ სოციალური ქსელებში გავრცელებული პოსტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მისი შეხედულებები მოიცავდა სკეპტიციზმს ექიმების მიმართ, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსის მხარდაჭერას და “ტრადიციული ღირებულებებისადმი” ინტერესს. ასევე, მანჯონე შეშფოთებას გამოთქვამდა დემოგრაფიული ცვლილების, ე.წ. ვოუქიზმისა და “ქრისტიანობის დაკნინების მცდელობების” მიმართ.

სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, მანჯონემ მკვლელობის გეგმა, სავარაუდოდ, აგვისტოში შეიმუშავა და თავდაპირველად, მიზნად ისახავდა ნებისმიერი სამედიცინო სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობას. საბოლოოდ კი UnitedHealthcare-ის დირექტორი შეარჩია მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ კომპანიაში დაზღვეული არასდროს ყოფილა. გავრცელებული მონაცემების მიხედვით მანჯონე სადაზღვევო კომპანია Blue Cross Blue Shield-ის კლიენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ლუიჯი მანჯონეს საქმე ფართო საზოგადოებრივ და მედია ინტერესს იწვევს. მანჯონეს დაკავების შემდეგ, ინტერნეტში გაჩნდა, მათ შორის, მისი მხარდამჭერი მოძრაობები, Free Luigi-ის ჰეშთეგის ქვეშ გაერთიანებული პოსტერები და ასევე მისი გამოსახულების მქონე პროდუქცია. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი მანჯონეს აღიქვამს “როგორც გმირს, რომელიც კორპორატიულ სიხარბეს ებრძვის”.

ამჟამინდელი მონაცემებით მანჯონეს წაყენებული აქვს 11 სახელმწიფო ბრალდება, მათ შორის, პირველი ხარისხის მკვლელობა, მეორე ხარისხის მკვლელობა [ტერორიზმთან დაკავშირებული] და იარაღის ფლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბრალდება. პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდება სასჯელის მაქსიმალურ ვადად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე, სახელმწიფო ბრალდებებთან ერთად, მანჯონეს წაყენებული აქვს ოთხი ფედერალური ბრალდება: ორი ადევნების ბრალდება, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაული და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მკვლელობა.

მანჯონე ამჟამად ნიუ იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის ციხეში იმყოფება, მისი მომდევნო სასამართლო პროცესი კი 2025 წლის 18 იანვარს გაიმართება, სადაც მანჯონეს ფედერალური ბრალდებების შესახებ იმსჯელებენ. 

კომენტარები