ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"დალაგების" რიტორიკაში ბზარია - რეჟიმმა ტრამპთან დაკავშირებული მოლოდინების დაწევა დაიწყო

ქართული ოცნება

ივანიშვილის რეჟიმმა დონალდ ტრამპთან "დალაგების" ნარატივის კორექტირება და მოლოდინების კონტროლი დაიწყო. 

ახალი სიუჟეტით, საქართველოსა და ამერიკას შორის ყველაფერი მაშინ და იმდენად დალაგდება, როცა და რამდენადაც დაამარცხებს დონალდ ტრამპი DEEP STATE-ს და მისი გავლით არსებულ სხვა გავლენებს.

ნარატივი პირველმა კობახიძემ გადააწყო, დღეს მას მამუკა მდინარაძეც დაეწია.

20 დეკემბერს კობახიძე Deep State-ის შესახებ ალაპარაკდა და ის დაახასიათა, როგორც აშშ-ის ბიუროკრატიაში არსებული გავლენიანი ჯგუფი - "შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი Deep State-ის და არაფორმალური გავლენების დამარცხებას ეს უკვე გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ".

მდინარაძის მტკიცებით ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ Deep State-ის დამარცხებაა, რის შემდეგაც "საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება".თუმცა, მდინარაძის მტკიცებით, არსებობს შანსი, რომ ტრამპმა თავისი დაპირება ვერ შეასრულოს და იმ შემთხვევაში "თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება".

შეგახსენებთ, რომ აქამდე ოცნების ნარატივით ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯებესდებოდა. 

"თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში.

"ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე" - ასე უპასუხა ივანიშვილის პრემირმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ ჰელსინკის კომისიის მხირიდან კრიტიკაზე დასუმულ შეკითხვას.

"იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს. [...] ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება" - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 30 ნოემბერს აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეაჩერებაზე.

ამავე ამბავს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა - "ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ".

გთავაზობთ მამუკა მდინარაძის 23 დეკემბრის სრულ სიტყვას ტრამპსა და Deep State-თან დაკავშირებით:

დამოკიდებულ იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი. ამ შემთხვევაში, ბუნებრივად, ქრება ინტერესი მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე, როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში, რა შემთხვევაშიც ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ, თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება, მაგრამ თუ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება.

აქ პიროვნებაზე დამოკიდებული და ვიღაცას მოსწონს ტრამპი, არ მოსწონს, ან მას მოვწონვართ ჩვენ თუ არ მოვწონვართ, ამაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების ასრულებას და შესრულებას, რომ მან DEEP STATE-ი და შესაბამისი არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ბიუროკრატიაზე შეამციროს ან საერთოდ ამოძირკვოს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო რთულად გვექნება ჩვენ ბევრი რაღაც გადასატანი.

ჩვენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, როცა, გნებავთ გლობალური ომის ძალებს, გნებავთ ომის პარტიას, ლოკალურს თუ გლობალურს თავისი გავლენები აქვს და ე.წ. DEEP STATE-იდან, DEEP STATE-ის გავლით უფრო სწორად, წნეხი აქვს საქართველოზე ეს შეიძლება გაგრძელდეს შეიძლება გაგრძელდეს რაღაცა ფორმით, ჩვენ ამას ვუმკლავდებით დღესაც, ხვალაც გავუმკლავდებით, მაგრამ დამოკიდებულ იქნება იმაზე, ეს არაფორმალური გავლენები რამდენად შესუსტდება. რაც უფრო შესუსტდება მით უფრო ძლიერად იქნება ჩვენი ქვეყანა.

28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ აშშ-ს მხრიდან რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, კერძოდ:

  1. 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერება
  2. 13 დეკემბერს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის 20 ახალი სავიზო შეზღუდვის დაწესება
  3. 19 დეკემბერს ივანიშვილის შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მოადგილეს, მირზა კეზევაძეს მაგნიტსკისაქტის ფარგლებში ფინანსური სანქციების დაწესება

კლასიკური განმარტებით, Deep State არის კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს საიდუმლო ქსელი, განსაკუთრებით არაარჩეული პირებისა და ზოგჯერ კერძო ორგანიზაციების (როგორიცაა ფინანსური სერვისებისა და თავდაცვის ინდუსტრია), რომლებიც კანონზე მაღლა მოქმედებენ, რათა გავლენა მოახდინონ და/ან პირდაპირ განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა.

Deep State-ად ზოგჯერ მოიხსენიებენ ამორფულ და ტლანქ ბიუროკრატიულ აპარატსაც, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებს.

კომენტარები