მამუკა მდინარაძე აშშ-ს გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, მორიგი კონსპირაციული თეორიით გამოეხმაურა.
მდინარაძის აზრით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მოსწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სურდა. მეტიც, ის თვლის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება აქციის მუხტს უკავშირდება. ასევე მდინარაძე კვლავ ირწმუნება, თითქოს ქართული ოცნების წინააღმდეგ დეკემბერში გარკვეული მოქმედებები იყო დაგეგმილი, რაშიც, ფაქტობრივად, ვაშინგტონს ადანაშაულებს.
"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.
2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.
3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.
5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.
რა ნაცების ტოპტვინები…" - წერს მდინარაძე.
აქამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ვაშნგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო წყვეტდა.