გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი 19 დეკემბერს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და მასთან უკრაინაში "სამართლიანი, მართებული და მდგრადი მშვიდობის" მისაღწევად მუშაობაზე შეთანხმდა.
"[შოლცმა და ტრამპმა] თქვეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართლიანი, მართებული და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზას დასდგომოდნენ, რაც შეიძლებოდა მალე". - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფან ჰებესტრაიტმა და დაამატა, რომ კანცლერმა შოლცმა გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის მიმართ.
სატელეფონო ზარი განხორციელდა მაშინ, როდესაც შოლცი ბრიუსელში ევროპული კომისიის სამიტზე იმყოფებოდა, სადაც ლიდერებმა გლობალურ პოლიტიკაში ევროკავშირის როლი განიხილეს და თუ როგორ მოემზადება ევროკავშირი ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაცემული უფრო შეზღუდული ამერიკული დახმარებისთვის.
შოლცი ტრამპს ტელეფონით 11 ნოემბერსაც ესაუბრა. როგორც გერმანიის კანცლერმა გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით "უფრო ნიუანსური" პირადი პოზიცია აქვს, ვიდრე ამას ვარაუდობენ.
გერმანიის კანცლერმა გამოცემას უთხრა, რომ 11 ნოემბრის სატელეფონო საუბარი, "ალბათ გასაკვირია, მაგრამ ძალიან დეტალური და კარგი იყო".
ლიდერებმა გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინაზე ისაუბრეს. შოლცმა, დეტალებში შესვლის გარეშე, თქვა, რომ ტრამპმა მას დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ უკრაინაზე "მას უფრო ნიუანსური პოზიცია გააჩნია, ვიდრე ამას ხშირად ვარაუდობენ".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დადებდა თუ არა ტრამპი გარიგებას რუსეთთან უკრაინასთან შეთანხმების გარეშე, შოლცმა თქვა, რომ ტრამპს "არც ერთხელ მიუნიშნებია, რომ ამას გააკეთებდა".
კანცლერის თქმით, გერმანია, თავის მხრივ, არ მიიღებს "დიქტატით მიღწეულ მშვიდობას".





