ვირუსები

ჩხაიძე: ქვეყანაში ჭარბობს ღორის გრიპი - გავრცელება გაორმაგებულია

IPN

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო ორ კვირში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ყველაზე მეტად კი ჭარბობს ე.წ. ღორის გრიპი. ამის შესახებ ჩხაიძემ განცხადება მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს გრიპის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია მომდევნო კვირებშიც:

"44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. [...] მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის თვე იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტატისტიკური მაჩვენებლები ამ შემთხვევაში ექვემდებარება ანალიზს.

[...]

თუ წინა კვირებში ძირითადად A ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის B ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი ღორის გრიპი და შედარებით ნაკლებია H3N2 ტიპის ვირუსი. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება", - განაცხადა ჩხაიძემ. 

მისივე განმარტებით, 49-ე კვირას ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 12% იყო. დეკემბერში, 50-ე კვირას კი რაოდენობა 25%-ია. მისივე თქმით ქვეყანაში ახლა გრიპის ვირუსი დომინანტურია. 

როგორც ჩხაიძე განმარტავს, შემთხვევების 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. 

"ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე", - ამბობს ის.

კომენტარები