ისრაელის არმიამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფების პოზიციებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
ისრაელის არმიის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიშები ორ ეტაპად მიიტანა. სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო 14 ავიაგამანადგურებელი, ასევე საწვავით გამმართავი და სადაზვერვო თვითმფრინავები, ხოლო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული დარტყმები ჰუსიტების მხრიდან იერიშებზე საპასუხოდ რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადების მიხედვით, ისრაელის ავიაგამანადგურებელმა იემენის დასავლეთ სანაპიროსა და მის სიღრმეში სამიზნეებს დაარტყა, რომელსაც "ჰუსიტთა ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ".
"დარტყმებმა ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმი დაასუსტა, რითაც აღკვეთს მისი მხრიდან სამიზნეების სამხედრო და ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენებას, მათ შორის, რეგიონში ირანული შეიარაღების შეტანით". - განაცხადა IDF-მა.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ავიაგამანადგურებლები უკვე იემენისკენ მიფრინავდნენ, როდესაც ჰუსიტებმა, დაახლოებით დილის 2:55 საათისთვის, ისრაელისკენრაკეტა გაუშვეს. მანამდე, IDF-მა განაცხადა, რომ ცენტრალური ისრაელის თავზე ქვეყნის არმიამ იემენიდან გაშვებული რაკეტა გაანეიტრალა.





