რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვის მკვლელობის ფონზე, NATO-ს ქვეყნების თანამდებობის პირები და გამოცემა The Times-ის რედაქცია "რუსეთის სახელმწიფოსთვისა და უბრალოდ რუსეთის ყველა პატრიოტისთვის" "ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად" მოიხსენია.
მედვედევი თავის Telegram-არხზე წერს.
მედვედევმა კომენტარი The Time-ის სტატიაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც კირილოვის მკვლელობა "საფრთხეში მყოფი ქვეყნის მხრიდან თავდაცვის ლეგიტიმური აქტია" და "პოლიტიკური ცვლილების ფონზე, დასავლეთის სახელმწიფოებმა კიევის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ".
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე The Times-ის რედაქტორებს ემუქრება და ამბობს, რომ "ლონდონში ბევრი რამ ხდება".
"ამავე ლოგიკით:
1. NATO-ს ყველა თანამდებობის პირი, რომელმაც ბანდერისტული უკრაინის მხარდასაჭერად გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ან ჩვეულებრივ ომში მონაწილეობს. მათი სახელია - ლეგიონი. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ადგილი მენანება. ყველა ეს პირი შეიძლება და უნდა განიხილებოდეს, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე რუსეთის სახელმწიფოსთვის და უბრალოდ რუსეთის ყველა პატრიოტისთვის.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დანაშაულების შემსრულებლებად გამოვიდნენ, ყოველთვის ეყოლებათ თანამზრახველები და ისინიც ასევე ლეგიტიმურ სამხედრო მიზანს წარმოადგენენ. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ საზიზღარი ტურები The Times-იდან, რომლებიც სარედაქციო სტატიების მიღმა ლაჩრულად იმალებიან. შესაბამისად, ეს გამოცემის მთლიანი ხელმძღვანელობაა.
ლოგიკურია? სრულად! ესე იგი, ფრთხილად იყავით! რადგან ლონდონში ბევრი რამ ხდება..." - წერს მედვედევი.
მედვედევის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ უპასუხა და X-ზე დაწერა, რომ "მედვედევის განგსტერული მუქარა Times-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ სასოწარკვეთილებაზე მიანიშნებს".
"ჩვენი გაზეთები საუკეთესო ბრიტანულ ღირებულებებს განასახიერებენ: თავისუფლებას, დემოკრატიასა და დამოუკიდებელ აზროვნებას. მე ვდგავარ The Times-ის გვერდით". - წერს ლემი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კომენტარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის სპიკერმაც, დეივ პერესმაც უპასუხა. მისი თქმით, განცხადება "უბრალოდ უახლესია პუტინის მთავრობის მხრიდან მომავალი სასოწარკვეთილი რიტორიკის სერიებში".
"რუსეთისგან განსხვავებით, თავისუფალი პრესა ჩვენი დემოკრატიის ქვაკუთხედია და რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მუქარას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით". - თქვა პერესმა.
იგორ კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად 17 დეკემბერს, მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკვდა. უკრაინული მედია Українська правда-ს ცნობით, მათ წყარომ თქვა, რომ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო.
მედიის წყაროს თქმით, სკუტერი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.
"კირილოვი იყო ომის დამნაშავე და სავსებით კანონიერი სამიზნე, რადგან მან უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა." - თქვა მედიის წყარომ.
კირილოვი წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მდებარე ლაბორატორიებზე. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. მისი მტკიცებით, აქ შეიქმნა ღორის გრიპიც.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ნახეთ ტაბულას ფილმი - მითები ლუგარის ლაბორატორიაზე.





