რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას განიხილავენ

ევროპული ქვეყნები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში მასშტაბური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას განიხილავენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკითხის განხილვა დონალდ ტრამპის მიერ ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა, სადაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტირებისთვის სამხედროებს არ გაგზავნის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია, განხილვები კი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, თუმცა, მოკავშირეებს შორის განსხვავები უკვე გამოიკვეთა. ქვეყნებს ჯერჯერობით სამხედრო მისიის მანდატისა და დანიშნულების შესახებ შეთანხმება არ აქვთ.

ამავდროულად, როგორც გამოცემა წერს, დასავლელ ლიდერებს არ სურთ რუსეთს სისუსტე აჩვენონ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი ფოკუსირებულნი არიან ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე.

მიუხედავად ამისა, ევროპელი ლიდერები კარს მიღმა განიხილავენ, თუ როგორი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, განიხილება საერთო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის ინიციატივაც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები მსგავსი მასშტაბის სამხედრო მისიების დროს, ხშირ შემთხვევაში, აშშ-ს ეყრდნობიან.  პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე კი ტრამპმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნა გამორიცხა.

როგორც Reuters-ი წერს, "ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში ევროპელ სამხედროებს გაგზავნიან, ან კიევი უსაფრთხოების გარანტიას NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში მიიღებს – რისი იმედიც მას აქვს, ან ორმხრივი შეთანხმებებით".

წყაროს ცნობით, სავარაუდოა, რომ სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იქნება ფორმირებული.

უკრაინული წყარო კი აღნიშნავს, რომ მისიაში, შესაძლოა, 8 ევროპული სახელმწიფო ჩაერთოს. ამასთან, გამოცემის ცნოვიტ, ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები, სამხედრო კონტინგენტის ზომის შესახებ, განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ. მათი უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ 40 000 სამხედროს გაგზავნა რეალურია.

კომენტარები