ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

NGO-ები წამებისა და ძალადობის საქმეებში ცრუ მოწმე პოლიციელების სიას ასაჯაროებენ

TV პირველი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საქართველოს ევროპულმა ორბიტამ და კანონის უზენაესობის ცენტრმა ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს, რომელშიც ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების განმავლობაში სისტემური წამების და არაადამიანური მოპყრობის სქემა განიხილეს და ცრუ მოწმე პოლიციელების სია გაასაჯაროეს. 

ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, 18 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს

NGO-ების თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას. მათივე თქმით, იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე.

ცრუ მოწმე პოლიციელთა გასაჯაროებულ სიაში შედიან:

  • გიორგი ჩარექაშვილი
  • თორნიკე მენაბდე
  • სულხან კიკნაძე
  • რევაზ წურწუმია
  • ზვიად მარგველანი
  • ზურაბ ღარიბაშვილი
  • დავით მარუაშვილი
  • ოთარ გელაშვილი

აქციების ჩასახშობად შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული წამების სისტემა – NGO-ები

NGO-ების თანახმად:

  • პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი (“იგინებოდა”, “ილანძღებოდა და გვაყენებდა „შეურაწყოფას” (შეურაცხყოფის ნაცვლად) - ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული);
  • ოქმებში მითითებული არ არის  შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად “რუსთაველის გამზირი”, ან “პარლამენტის მიმდებარედ”);
  • ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეაფასა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი  ფარგლების გაცდენად პოლიციამ;
  • სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას - “იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს.” იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე;
  • მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან;
  • მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეოსათავალთავლო კამერების ჩანაწერებს;
  • მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი  ვიდეო ჩანაწერები;
  • საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა;
  • დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყობებოდნენ; 
  • მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს;
  • რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა , თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს;
  • მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის.
  • ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები დამიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში;
  • მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები.

კომენტარები