შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის - რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მარში გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდენ, გათავისუფლდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები, დაინიშნოს ახალი არჩევნები და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.
"ევროპული მომავალი ჩვენი შვილებისთვის ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ქვეყანაში თუ რამე გაკეთდა ჩვენი შვილებისთვის, განმავითარებელი პროგრამები თუ საბაზისო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამები, სწორედ დასავლეთის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა, ვითარდებოდა და კიდევ უნდა განვითარებულიყო.
დღეს ეს ყველაფერი არის დაკარგვის რისკის ქვეშ, შეიძლება ხვალ ჩვენი შვილები დარჩნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების გარეშე, გარდა ამისა, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა არის რუსული რეჟიმი, რა არის საბჭოთა გამოცდილება, როცა შშმ ადამიანებს უპირობოდ ტოვებდნენ ინსტიტუციებში და გარიყულები იყვნენ საზოგადოებისგან.
აღარასდროს დავუშვებთ, რომ დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ გვინდა კითხვაზე პასუხი - რა იქნება ხვალ, როცა არ ვიქნებით ჩვენი შვილის გვერდით. ჩვენ მხოლოდ ეს სამშობლო გვაქვს, არ ვაპირებთ ემიგრაციაში წასვლას და აუცილებლად მოვიტანთ ევროპულ მომავალს საქართველოში" - ამბობს აქციის მონაწილე TV პირველთან.





