რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე მას შემდეგ, რაც წინა დღით, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი, მოსკოვში აფეთქების შედეგად საკუთარ დამხმარესთან ერთად დაიღუპა.
"დაკავებულ იქნა 1995 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე თავდასხმის მოწყობის ეჭვით, რომელმაც რუსეთის რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსის, იგორ კირილოვისა და მისი დამხმარის, ილია პოლიკარპოვის სიცოცხლე იმსხვერპლა". - წერია კომიტეტის განცხადებაში.
ამასთანავე, სააგენტოს თქმით, ეჭვმიტანილი "უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ იყო რეკრუტირებული".
იგორ კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად 17 დეკემბერს, მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკვდა. უკრაინული მედია Українська правда-ს ცნობით, მათ წყარომ თქვა, რომ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო.
მედიის წყაროს თქმით, სკუტერი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.
"კირილოვი იყო ომის დამნაშავე და სავსებით კანონიერი სამიზნე, რადგან მან უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა." - თქვა მედიის წყარომ.
კირილოვი წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მდებარე ლაბორატორიებზე. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. მისი მტკიცებით, აქ შეიქმნა ღორის გრიპიც.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ნახეთ ტაბულას ფილმი - მითები ლუგარის ლაბორატორიაზე.





