ირაკლი კობახიძის განცხადებას რუმინეთისა და იტალიის შემდეგ, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება.
დილით კობახიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა" და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის.
თუმცა, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ისინი სრულად მხარს უჭერენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და გმობენ საქართველოში მოქალაქეების მიმართ ძალადობას.
"ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლო დეზინფორმაციის კამპანიის საკითხზე. ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით" – წერია ესპანეთის განცხადებაში.





