აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში, ქრისტიანულ სკოლაში მოსწავლემ თანასკოლელებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, შონ ბარნსის ცნობით, შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელი, დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2 საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციის ინფორმაციით, 15 წლის გოგომ, ნატალი რაფნოუმ, სკოლის კორიდორში თანასკოლელებსა და მასწავლებლებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც ერთი მასწავლებელი და ერთი მოზარდი ემსხვერპლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ბარნსის თქმით, მსროლელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
პირველი ცნობა სროლის შესახებ 911-ს ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11 საათზე შეუვიდა. ბარნსის მიხედვით, სროლის დაწყებისას სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. მისივე თქმით, 911-ში სროლის შესახებ მეორეკლასელმა დარეკა.
The Associated Press-თან საუბრისას სამართალდამცავებმა თქვეს, რომ მსროლელმა, სავარაუდოდ, 9 მმ-იანი პისტოლეტი გამოიყენა. ბარნსის თქმით, პოლიცია მსროლელის ოჯახის თანამშრომლობით მისი სახლის ჩხრეკას აწარმოებს.





