მოსკოვში, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი დამხმარე იგორ პ. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
წინასწარი ინფორმაციით გენერალი და მისი ასისტენტი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდნენ, როდესაც სადარბაზოსთან ახლოს მდგომ ელექტროსკუტერზე დამაგრებული თვითნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა.

კირილოვის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია. თუმცა უკრაინულ და რუსულ მედიაში წერენ, რომ ცოტა ხნით ადრე უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერალი სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილად ცნო.
გენერალ-ლეიტენანტი აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
2022 წლის 7 მარტს მან განაცხადა, რომ 2007 წელს გამოჩენილი ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა.
იმავე პერიოდში კირილოვი ამტკიცებდა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს ახალ ვირუსზე, რომლის გადამტანები ღამურები არიან.





