გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა მისი რეჟიმი 8 დეკემბერს დაამხვეს.
განცხადება, რომელიც 16 დეკემბრით არის დათარიღებული, სირიის პრეზიდენტის Telegram არხზე ასადმა რუსეთიდან გაავრცელა, სადაც პუტინმა მას თავშესაფარი მისცა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აკონტროლებს თუ არა ასადი აღნიშნულ ანგარიშს მას შემდეგ, რაც იგი სირიიდან გაიქცა.
განცხადებაში წერია, რომ ასადის რუსეთში ევაკუაცია ხმეიმიმის ავიაბაზიდან 8 დეკემბერს მოხდა.
"ამ მოვლენების განმავლობაში, დროის არცერთ მონაკვეთში არ მიფიქრია გადადგომა ან თავშესაფრის ძიება, მსგავსი შემოთავაზება არც სხვა ცალკეული მხარეებისგან ყოფილა". - წერია სირიის პრეზიდენტის ანგარიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, როდესაც რუსული ბაზის დატოვების შესაძლო გზები ამოიწურა, 8 დეკემბერს მოსკოვმა ბაზის სარდლობისგან ასადის რუსეთში ევაკუაცია მყისიერად მოითხოვა.
"როდესაც სახელმწიფო ტერორიზმის ხელებში ვარდება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის უნარი იკარგება, ნებისმიერი თანამდებობა აზრსმოკლებული ხდება, რითაც მის დაკავებას მნიშვნელობა ეკარგება". - წერია განცხადებაში.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.