საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს ქალაქის მერის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის წინ დადგმული ნაძვის ხე 14 დეკემბერს აანთოს.
"დავიწყებ ხვალინდელი დღით და უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 7 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, უწყვეტად იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ასევე ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 7 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თვით ექიმები ამბობენ, რომ უკვე რუსთაველზე შენობების ფასადები გაზით არის გაჟღენთილი, ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა.
მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი ეს პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რაც გაშლილი არის დღეს ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, ცხადია, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება." - ამბობს ზურაბიშვილი.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ეს აშკარა პროვოკაციაა - პრეზიდენტი 14 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვარშავა, 2024 წლის 1 ოქტომბერი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია




