აშშ-საქართველო

The Hills: ბაიდენი საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საქართველოში მთავრობის მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დარბევის ფონზე, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლაზე პასუხისმგებელ პირებს და მათ ოჯახებს დაეკისრებათ.

გამოცემის ინფორმაციით, რომელიც საკითხთან დაახლოებულ პირებს ეყრდნობა, ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე სავიზო შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხუთშაბათს გამოაცხადებს. 

The Hill-ის თანახმად, დასანქცირებული პირების სახელები, როგორც წესი, საჯაროდ არ ხმაურდება.

5 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.

ბლინკენმა განცხადებაში დაგმო ქართული ოცნების მიერ კრიტიკის გაჩუმების, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, რეპრესიული ტაქტიკების გამოყენების, რეჟიმის სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პირებმა, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრიან, პასუხი უნდა აგონ. 

კომენტარები