კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენ ვლადიმირ პუტინსა და უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შორის 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა. ქვეყნების ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ორბანის ინიციატივით შედგა.
კრემლის თანახმად, ორბანმა "დასავლეთის რიგ ლიდერებთან თავისი კონტაქტების გათვალისწინებით, კრიზის მოგვარების დიპლომატიური გზების ძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა".
თავის მხრივ, პუტინმა კიევის ამჟამინდელ პოზიციას დესტრუქციული კურსი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, კვლავ გამორიცხავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
კრემლის ინფორმაციით, ამასთან ერთად, ლიდერებმა, სირიის კონტექსტში, ახლო აღმოსავლეთის უახლესი მოვლენებიც განიხილეს.
ერთი დღით ადრე ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში შეხვდა.





