რუსეთი-უნგრეთი

რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურდა, ეს შევძელით – პუტინი და ორბანი ერთმანეთს შეხვდნენ

ჩინეთში, პეკინში გამართულ ერთი გზა, ერთი სარტყელის ფორუმის ფარგლებში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ.

"გვქონია რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორიც ესაა, აქამდე არ ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტის დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს შევძელით". – თქვა ვიქტორ ორბანმა პუტინთან შეხვედრის დროს.

პუტინი შეხვედრაზე ირწმუნებოდა, რომ რუსეთს ევროპაში კარგი ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან აქვს და ეს "სასიხარულოა".

"იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტის დამყარებისა და ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, შეუძლებელია არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვავითარებთ. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია უნგრეთი". – თქვა პუტინმა.

ორბანმა დაამატა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და სანქციებმა ეს ურთიერთობები დააზარალა. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსულ ენერგოკომპანიებს, როსატომსა და გაზპრომს

"ბატონო პრეზიდენტო, იცით, როგორიცაა უნგრეთი. იცით მისი შესაძლებლობები. დღეს უნგრეთს რისი გაკეთებაც შეუძლია, ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ რაც შეგვიძლია ჩვენი ორმხრივი კონტაქტიდან. გვაინტერესებს ამ თანამშრომლობის მხარდაჭერა არამხოლოდ ურთიერთობის, არამედ ეკონომიკის დონეზე, სანამ ეს შესაძლებელია. მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ როსატომი კვლავ რჩება ჩვენს შესანიშნავ პარტნიორად, მსურს მადლობა გადავუხადო გაზპრომს, რადგან ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამიტომ გახდა შესაძლებელი გადაგვერჩინა ბევრი რამ, რასაც აქამდე მივაღწიეთ". – თქვა ორბანმა.

რამდენიმე დღის წინ, 10-12 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერი საქართველოში იმყოფებოდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით დარჩიაშვილი ორბანის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ირწმუნებოდა, რომ ვიზიტი "ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ახალ, მნიშვნელოვან იმპულსს" მოიტანდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას "ნამდვილი მეგობარი" უწოდა.

კომენტარები