ეს დღე საქართველოში არა თუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღე არის და ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ეს დღე საქართველოს ისტორიაში. ყველანი ვინც იმაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ უთუოდ საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასოდეს არ ივიწყებს და იცოდნენ, რომ ყველა გამოირკვევა, ვინ სად იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, და ყველას დავიმახსოვრებთ.
დღეს არა თუ ირღვევა, მართლა ფეხქვეშ ითელება ყველა უფლება, მშვიდობიანი აქციის ჩატარება, ცრემლსადენის გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მათ მიმართ, სპეციალური დანიშნულების რაზმების (რედ. - გამოყენება), რომლებიც არ ატარებენ არანაირ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებს, გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი აქვს, როგორც დაკავების დროს, და რაც უფრო ნიშანდობლივია, დაკავების შემდეგ პერიოდში, რაც არის ყველგან დაგმობილი, სახალხო დამცველმა თვითონ იხმარა სიტყვა, წამება, და ესეც შევა ისტორიაში.
ასევე ირღვევა ყველანაირი უფლება, როცა სამოქალაქო სექტორის ხმის ამოღების შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში ახალი არის და ნამდვილად იმის ნიშანი, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად უფრო შეგნებული არის დღეს, ვიდრე იყო ოდესღაც წარსულში, ახლო წარსულში ამან გამოიწვია დაშინება, მუქარა და ყველა ცნობილი გახდა და ესეც უნდა ითქვას, თბილისის მერის განცხადება, მაგრამ არა მხოლოდ, ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც ასე ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი. ეს ხომ არის ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებაც იწურება ასე რომ, ეს ყველაფერი, რაც თქვენც კარგად იცით და მე აქ ყველაფერს არ აღვწერ, არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში დაიწყო რეალურად არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებსა და საზოგადოების ყველა სხვადასხვა სექტორზე და რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს. ეს არის, სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი, უკვე რუსული რეჟიმი.
ამით და თავიანთი ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-17 მუხლი აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, 21-ე მუხლი შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი გამოხატვის თავისუფლება, მე-20 მუხლი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მესამე მუხლი წამების, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.