ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლემი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ვწყვეტთ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ვზღუდავთ

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი, დევიდ ლემი
(Aaron Chown/PA) (PA Wire)

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, დევიდ ლემი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ გაერთიანებული სამეფო ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ უფლებას, თავიანთი ქვეყნის მომავალი აირჩიონ. 

განცხადებაში წერია, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას დაუყოვნებლივ აჩერებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ზღუდავს და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ჩართულობას ამცირებს.

ამასთან, განცხადებაში ლემი ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და წერს, რომ ეს ქმედებები საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ეწინააღმდეგება, რომელიც ევროპული მომავლისკენ სწრაფვას ეხება. 

“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი”. - წერია განცხადებაში.

კომენტარები