ასადის რეჟიმის დამხობა

პენტაგონი: აშშ აღმოსავლეთ სირიაში დარჩება და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აღდგენას აღკვეთს

ამერიკელი სამხედროები 1-ლი ბატალიონის მე-6 ქვეითი პოლკიდან აღმოსავლეთ სირიაში, 27 ოქტომბერი, 2020.
U.S. Army photo by Spc. Jensen Guillory

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის დამხმარის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დენიელ შაპირომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს, აღმოსავლეთ სირიის დატოვებას და მიიღებს საჭირო ზომებს, რათა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) აღდგენა არ დაუშვას.

სირიელი ამბოხებულების მიერ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შაპირომ ასევე ყველა მხარეს მოქალაქეების, განსაკუთრებით უმცირესობების, დაცვისკენ და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქაოსურმა და დინამიკურმა ვითარებამ ადგილზე სირიაში, შესაძლოა, ISIS-ს სივრცე მისცეს, მონახოს საშუალება, რათა აქტიური გახდეს, დაგეგმოს გარე ქმედებები, და ჩვენ მიზანდასახულები ვართ, ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა გავაგრძელოთ მათი [ე.წ. ისლამური სახელმწიფოს] შესაძლებლობების დაქვეითება". - განაცხადა შაპირომ კონფერენციაზე საუბრისას.

შაპირომ დაამატა, რომ აშშ მიზანდასახულია, უზრუნველყოს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მტკიცე მარცხი, ასევე "ISIS-ის მებრძოლების პატიმრობაში ყოფნა და იძულებით გადაადგილებული პირების რეპატრიაცია".

ამავდროულად, ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა ცენტრალურ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბანაკებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

იერიშების სამიზნე 75-ზე მეტი ობიექტი გახდა. ოპერაციაში მონაწილეობდა B-52-ის ტიპის ბომბდამშენი, F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები და A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები