საქართველო-რუსეთი

ლავროვი: ქართული ოცნების კურსი ქართველების ეროვნულ ინტერესებს ასახავს

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კვლავ იცავს ქართული ოცნების მიერ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის კურსი ქართველი ხალხის ინტერესებს ასახავს და მათ ნებას შეესაბამება. 

"საქართველოსა და რუმინეთში იმარჯვებს ადამიანი, რომელიც რუსეთს არ წყევლის. ის ხომ არსად არ გვაქებს, არამედ არ გვწყევლის მისი დანარჩენი "პუბლიკისგან" განსხვავებით, რომელიც არჩევნების გარშემო ტრიალებს და სურთ გარკვეული პოლიტიკური პოსტების დაკავება.

როდესაც მოლდოვაში ღიად, უმძიმესი დარღვევით, რუსეთში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოლდოველს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს, ძლივს იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც დასავლეთს აწყობს - ქალბატონი მ. გ. სანდუ. იქ არავის საუბრობს არანაირ დარღვევაზე, გადახედვასა და კონსტიტუციურ სასამართლოზე.

საქართველოში არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეუთოს 500 დამკვირვებელი იმყოფებოდა. ისინი ყველაფერს მოედნენ, შეამოწმეს და საჯაროდ გამოაცხადეს, რომ არ იყო არანაირი არსებითი დარღვევა. ყველაფერი ლეგიტიმურია.

ეუთოს მოსაზრებამ, რომელიც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ყურადსაღები ინსტრუმენტია, "არ იმუშავა", რადგან მათ არ მოსწონთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ხელახლა აირჩიეს და ატარებს კურსს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის კანონიერ ეროვნულ ინტერესებს, მისი ნების შესაბამისად." – თქვა ლავროვმა რუმინეთის არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად.

რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა დოჰაში, დოჰას 22-ე ფორუმზე ისაუბრა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

ლავროვმა საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტაკერ კარლსონთან ინტერვიუშიც ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ეუთოს ანგარიში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური იყო.

რეალურად, ეუთოს ანგარიშში ხაზგასმული იყო არაერთი ხარვეზი. სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერი - მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ.

კომენტარები