ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველო ორ კონტექსტში ახსენა.
ლავროვმა გაიხსენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო მომავალში NATO-ს წევრები გახდებოდნენ. მან ამ ფაქტთან უკმაყოფილება გამოთქვა. ამას გარდა, ლავროვი კვლავ დაიწყო მტკიცება, თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
"NATO-ს ბუქარესტის შეხვედრის შემდეგ, რასაც NATO-რუსეთის სამიტი მოჰყვა 2008 წელს, გამოაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა [რედ. - მომავალში] NATO-ში გაწევრიანდებოდნენ. ეცადნენ რომ ეს ჩვენთვის შემოესაღებინათ. ჩვენ ვიკითხეთ: რატომ? პრეზიდენტმა პუტინმა იკითხა, რა იყო ამის მიზეზი. მათ გვიპასუხეს, რომ ეს სავალდებულო არ იყო. რანაირად?
NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად გჭირდება ფორმალური მოწვევა. და ეს არის სლოგანი: უკრაინა და საქართველო NATO-ში იქნებიან. თუმცა ზოგიერთი ადამიანი თბილისში ამ სლოგანით შეპყრობილი გახდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი აზროვნება დაკარგა და წამოიწყო ომი ეუთოს მფარველობაში მყოფი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც რუსი სამშვიდობოები იყვნენ განლაგებული. და ფაქტი, რომ ეს მან წამოიწყო ევროკავშირის გამოძიებამაც დაადასტურა, რომლითაც დადასტურდა, რომ დაწყების ბრძანება მან გასცა." – თქვა ლავროვმა.
ამას გარდა ლავროვი საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი დარღვევების გაპროტესტებასაც შეეხო. კარლსონმა საკუთარ კითხვაში აღნიშნა, რომ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში, მათ შორის საქართველოში, ბოლო პერიოდში მრავალი რამ ხდება. მან აღნიშნა სირიაში არსებული სიტუაციაც და ლავროვს ჰკითხა, ეს ყველაფერი ხომ არ ჰგავს აშშ-ს მცდელობას, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პრობლემების გადაჭრის გზის გართულების მიზნით.
"სამწუხაროდ, ამაში არაფერია სიახლე, რადგან აშშ, ისტორიულად, საკუთარ საგარეო პოლიტიკაში მოტივირებული იყო არეულობის შექმნით და შემდეგ შემოწმებით, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას თუ შეძლებდნენ." - უპასუხა ლავროვმა და შემდეგ 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ეუთოს ანგარიში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური იყო.
"როდესაც ეუთო არჩევნების მონიტორინგს ატარებს, როცა ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებს რუსეთში, ისინი ყოველთვის ნეგატიურები იყვნენ, სხვა ქვეყნებშიც, ბელარუსსა და ყაზახეთში. ამჯერად საქართველოში ეუთოს მონიტორინგის მისიამ დადებითი ანგარიში წარადგინა და ის უგულებელყოფილია." – თქვა ლავროვმა.
რეალურად, ეუთოს ანგარიშში ხაზგასმული იყო არაერთი ხარვეზი. სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერი - მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ.