უკანასკნელ დღეებში საზოგადოებამ არაერთი ვიდეო და ფოტომასალა ნახა, სადაც მოქალაქეებს რეჟიმის ძალოვნები ქუჩებში აკავებენ და ფიზიკურად სასტიკი ფორმებით უსწორდებიან. მედიაში გავრცელდა დაკავებულების ისტორიები, მათ უდიდეს ნაწილს კი აერთიანებს დაკავების შემდეგ არაადამიანური მოპყრობის ფორმები, როგორებიცაა ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, შეურაცხყოფა. სასულიერო პირების ნაწილი რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, უფლებადამცველების მსგავსად, წამებად აფასებს და მის შეჩერებას მოითხოვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-1 მუხლი, რომელიც წამებას შეეხება, განიმარტება როგორც "პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის".
"წამება ძალადობის უკიდურესი ფორმაა, რომელიც ამახინჯებს ღმრთის ხატს ადამიანში და აქცევს მას ტანჯვის უსულგულო იარაღად.
ქრისტიანული სწავლება ერთმნიშვნელოვნად გმობს ასეთ მოქმედებას, რადგან იგი ეწინააღმდეგება ღმრთის ნებას, რომელიც ადამიანს სიყვარულში მოცემულ თავისუფლებას ანიჭებს
წამების მიზანი სხეულისა და სულის დამორჩილებაა, მაგრამ ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ ქრისტეშია, რომელმაც თავად იტვირთა ტანჯვა, რათა ყველა ტანჯულისთვის მოენიჭებინა გამარჯვება და შვება. ვინც სხვას წამებაში ამყოფებს, სინამდვილეში თავად ხდება ტყვე – მისი სული იმავე ბნელში იძირება, რასაც სხვას უმზადებს.
ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ტკივილითა, ძალადობითა და ტანჯვით ვერ დაამტკიცებ სიმართლეს. მხოლოდ სიყვარულია გზა, რომელიც მიგვიძღვის ჭეშმარიტებისკენ. წაიშლება ყველა ბოროტი საქმე, მაგრამ დარჩება ის, ვინც ტანჯულთან დადგა არა განკითხვისა და ძალადობის, არამედ თანაგრძნობისა და სიყვარულის სახელით" - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.
"ადამიანის წამებას არ აქვს გამართლება!
ის, ვინც, არა თუ წამების გამართლებას, არამედ წამებაზე თვალის დახუჭვას ცდილობს, წამების შემოქმედთა თანაზიარია
წარმოუდგენელი უტიფრობაა ნაწამები ადამიანი დაადანაშაულო იმაში, რომ აწამებენ
ფაქტებს, რომელსაც მიმდინარე დღეებში, განსაკუთრებით კი დღეს ვხედავ, მივყავარ დასკვნამდე - არცერთი ადამიანი, რომელიც დღეს არ გმობს ადამიანთა წამებას, არ არის ქრისტიანი, გინდ პატრიარქი იყოს, გინდ ეპისკოპოსი, გინდ მღვდელი და გინდაც საერო!" - წერს მამა ლეონ გელოვანი.
",,ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას" (იგავნი 3:31).
უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ გაცხოველებული ვენდეტა, წამება, ანტიჰუმანური და ანტიქრისტიანულია და ის სასწრაფოდ უნდა დასრულდეს!" - წერს მამა დიმიტრი ვეკუა
"ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.
საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას.
მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება.
ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!" - წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.
"თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი და თუ კარგად - რატომღა მცემ?"- იოანე 18:23
თავზარდამცემია დაპატიმრებულთა წამების ისტორიათა მოსმენა და ნახვა, ესენი არიან ჩვენი მეგობრები, კლასელები, კურსელები, მეზობლები, ნაცნობები და რაც მთავარია სულირი შვილები!
ერთია როდესაც შენ აკავებ მოქალაქეს რომელიც არღვევს კანონს და მეორეა როდესაც შენ უკვე დაკავებულზე ძალადობ, ბილწისტყვაობ და აწამებ მას! ეს დაუშვებელია და გვაბრუნებს წარსულში!" - წერს მამა ირინეოსი.
ქრისტიანული საღვთო წერილის პირველ წიგნში, მათეს სახარებაში, ასეთი რამ წერია:
"აბა, ყური დამიგდეთ: ოდესმე რომელიმე ჩემიანს თუ დაეხმარეთ... ჩათვალეთ, რომ მე დამეხმარეთ (25:40)".
ეს სიტყვები ნაწილია თხებისა და ცხვრების იგავისა, რომელშიაც იესო ნაზარეველი განკითხვის ჟამის სცენას აღგვიწერს. ის ორ ჯგუფად ყოფს ხალხს იმისდა მიხედვით, თუ მათ რა დამოკიდებულება ჰქონდათ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ. გაჭირებულებს შორის ის გულისხმობდა ციხეში მყოფებს, დაკავებულებს, მშივრებს, ავადმყოფებს. ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ იესო აქ თავს აიგივებს სწორედ ასეთ ადამიანებთან და ცხადად იძახის, რომ ვინც ემპათიას იჩენს ამ ადამიანების მიმართ, ის იესოს მიმართ იჩენს ემპათიას!
ამ იგავის მეშვეობით იესო დღესაც გვასწავლის, რომ თითოეულ ადამიანში უნდა დავინახოთ ღვთაებრივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დამცირებული, განაპირებული და ხელყოფილია. ამით იესო გვეუბნება, რომ თუ ვინმეს სიკეთეს ვუკეთებთ, ამ სიკეთეს იესოს ვუკეთებთ; თუ ვინმეს ვვნებთ, ამით ჩვენ იესოს ვვნებთ. აზრი ხომ ცხადია: როცა ჩაგრავ ვინმეს, ამით იესოს ჩაგრავ და როცა თავს ეველები ვინმეს, ამით იესოს ევლები თავს.
აქედან ჩვენ ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ადამიანისათვის მთავარი რელიგიური წეს ჩვეულებისა და ადათ-წეესბის დაცვა კი არ არის სარწმუნოებაში, არამედ სიყვარულისა და სამართლიანობის პრაქტიკული გამოვლინება.
ამ ყველაფრის დედააზრი ეს არის: ნამდვილი რწმენა ვლინდება იმაში, თუ ჩვენ სხვა ადამიანს როგორ ვეპყრობით. ცხადია, ეს ქრისტიანული ჭეშმარიტებაა, თუმცა, ეს ჭეშმარიტება ასევე ძვირფასია ჩვენს მოძმე აბრაამულ რელიგიებში - იუდაიზმში, ისლამში - და ასევე, ყველა სხვა სიცოცხლის მოყვარულ რელიგიაში.
საქართველოში ჩვენ სამართლიანად მოგვაქვს თავი ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული წარსულით და ასევე უსაზღვროდ მდიდარი კულტურით, რომელიც ასევე ნასაზრდოებია ჩვენი სულიერი ღირებულებებით. მაგრამ რა ფასი აქვს ჩვენი წარსულით ტრაბახს, თუ ის გამოვლინებას არ ჰპოვებს აწმყოში, ადამიანისადმი დამოკიდებულებაში, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში?!
თუკი ყველა განაპირებულსა და შევიწროებულ ადამიანში იესო ნაზარეველი უნდა დავინახოთ, მაშინ გამოდის, რომ ამ ბოლო დღეებში იესოს თავგამოდებით ვდევნიდით თბილისის ქუჩებში: გამეტებით ვურტყამდით ხელჯოხებსა და წიხლებს ფეხქვეშწაგდებულ იესო ნაზარეველს, ვამცირებდით იესოს რობოკოპები და ნიღბიანი ადამიანები, ძალოვანები რომ გვქვია და სინამდვილეში, სუსტოვანები რომ ვართ, სამართლიანობის წინაშე. ჩვენ ვუშვერდით ყინულივით ცივი წყლის ჭავლს იესოს ამ გაგანია ზამთარში. წიწაკის სპრეის თვალებში ვასხამდით, პოლიციის მანქანაში ვტენიდით მას, დილეგში ვაგდებდით და ასევე, გაუპატიურებით ვემუქრებოდით იესო ნაზრეველს!
"დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო“ - ალბათ, ასე იტყოდა ამ დროს ცხონებული დავით გურამიშვილი.
საბედნიეროდ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ჩვენს ქალაქში ვართ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უარს ვამბობთ, პირში წყალი ჩავიგუბოთ და მკვდარი თევზივით გავყვეთ წყალს, სადაც დინება გაგვიყოლებს.
ჩვენ ვნახეთ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავს ევლებოდნენ ნაცემ-ნაბეგვ იესოს, ჩვენ ვნახეთ ასევე ძალოვან-სუსტოვანებში ის ადამიანები, ვისაც ადამიანის გული აღმოაჩნდათ მკერდში და ვერ გაიმეტეს იესო საცემად და დასამცირებლად. ჩვენ ვნახეთ დიდები და პატარები, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავდნენ სიტყვით თუ საქმით ნაცემი იესოს მიმართ.
ასეთ ადამიანებს ჰყავთ თავიანთი დიდი წინამორბედები. ერთი ამბავი უნდა გავიხსენო აქ. დიდი ხნის წინათ, უფრო სწორად, ასე სამიათასზე მეტი წლის წინათ ეგვიპტეში ფარაონმა ბებიაქალებს უბრძანა, რომ ებრაელ ქალს რომ ამშობიარებდნენ და თუ დაინახავდნენ, რომ ქალმა ბიჭი გააჩინა, ბალღი მაშინვე ადგილზე უნდა მოეხრჩოთ. ამ ქალებმა გაუგონარი გაბედულება გამოიჩინეს - ფარაონს არ დაემორჩილნენ.
ჩვენი დროიდან განსხვავებით, ფარაონის დაუმორჩილებლობის გამო მათ ჯამაგირს კი არ გაუნახევრებდნენ, ან კი არ ჩამოაქვეითებდნენ ან სამსახურიდან კი არ დაითხოვდნენ, არამედ ან სახრჩობელაზე ჩამოკიდებდნენ ჩურჩხელასავით, ან თავს მოაჭრიდნენენ ანდა სულაც ნიანგებს მიუყრიდნენ გასაძიძგნად.
რატომ გაბედეს ამ ქალებმა გაუბედავი? იმიტომ, რომ უდანაშაულო ყრმების მოკვლა მათი სინდისის საწინაღმდეგო ქმედება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფარაონი ღმერთად ითვლებოდა, მათ თავიანთ გონებაში დაუშვეს, რომ ფარაონს ანუ ღმერთს შეიძლება შეეშალოს და უსამართლობა ჩაიდინოს. დღეს ამას სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ვუწოდებდით, მაგრამ ჩვეულებრივ ენაზე ამას გმირობა ჰქვია. ებრაულმა საღვთო წერილმა შემოგვინახა ამ ქალების სახელები: შიფრა და ფუყა. ფარაონის სახელი კი, წყალს გაატანა: ებრაული თორას ავტორ-რედაქტორებმა ღირსად არ ჩათვალეს ფარაონი, რომ მისი სახელი ჩვენთვის შემოენახათ.
გაბედულება დიდზე დიდი სათნოებაა, ძალიან იშვიათი, მაგრამ ასევე ძალიან საშურველი. ბრიტანელი ისტორიკოსი დავიდ სტარკი (David Starkey) მოგვითხრობს, რომ 1794 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა დააწესა საგანგებო ფონდი იმ ადამიანებისათვის, ვინც "დაუდეგარ გაბედულებას“ (wreckless courage) გამოიჩენდნენ, რადგან ნებისმიერი ქვეყნისათვის ნამდვილ პროგრესს სჭირდება რისკიანობა და გაბედულება. ის ქვეყანა, კულტურა, საზოგადოება, რომელიც გაბედულებას არ აფასებს, განწირულია რეგრესისა და ტირანიისათვის.
ჩვენ გავვიმართლა, რომ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა: გაბედული, საზრიანი, გონებაგახსნილი...! იმის მაგივრად, რომ ვზეიმობდეთ მათ არსებობას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ადამიანის რწმენა, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლების სიყვარული დავაკარგვინოთ, თავიანთ სამშობლოში ცხოვრებაზე გული ავაცრუებინოთ, უცხოობაში ვაძებნინოთ ბედი. არადა, მათ გარეშე არ არსებობს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მომავალი, არამედ არც აწმყო და არც წარსული. მათზე ძვირფასი ჩვენ არაფერი გაგვაჩნია.
რა მოგვივიდა, რა გვეტაკა, რამ დაგვემართა! რატომ ბობოქრობს ჩვენს ქვეყანაში ასეთი შიში და რატომ ებრძვის ის თავგამოდებით შეუპოვარ გამბედაობასა და ადამიანობას? რატომ ებრძვის უსამართლობა სამართლიანობას? რატომ ვწირავთ ჩვენს სიხარბეს ჩვენივე შთამომავლობის ბედ-იღბალს?
ამ ვითარებაში თვალის დაბრმავება და ყურის წაყრუება გამოსავალი არ არის, დანაშაულია. ამ დროს დუმილი უსამართლობის მხარეს დგომას ნიშნავს და არა ნეიტრალობას. ნეიტრალური ვერ დარჩები ღირსების მქონე ადამიანი. უმოქმედობის ყოველი წუთი, ხმის ამოღებაზე ყოველი უარის თქმა მხოლოდ აძლიერებს და სისასტიკისთვის აქეზებს იმ ძალებს, რომლებიც სხვასაც ვნებენ და საკუთარ თავსაც.
გასაგებია, რომ ჩვენს ეპოქაში ძალიან ძნელია მოზღვავებული ინფორმაციის გააზრება და გაანალიზება. შეიძლება, ზოგჯერ მართლა გვეძნელებოდეს სიმართლისა და ტყულის გარჩევა. პოლიტიკური მოსახერხებლობისთვის ჩვენ ხშირად ტყუილებს ვლაპარაკობთ და არ გვესმის, რამხელა ზიანს ვაყენებთ თავსაც და სხვასაც.
ჰანნა არდენტი (Hannah Ardent), ცნობილი გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, რომელიც ტირანიის კვლევით არის ცნობილი, ერთგან წერს: "ვისაც არ შეუძლია, გაარჩიოს ტყული და მართალი, მას ასევე არ შეუძლია გაარჩიოს, რა არის სწორი მოქმედება და რა არის არასწორი მოქმედება. ასეთ ადამიანებს რასაც გინდა იმას გააკეთებინებ.“
ტყუილ-მართლის გარჩევის უუნარობა სერიოზული საფრთხე იყო წინათ და ახლა კიდევ უფრო სერიოზულია. ჩვენ გვჭირდება ამ სიცრუით გაჯერებულ სამყაროში რამენაირად გავიკვლიოთ გზა. ასეთ ვითარებაში შეიძლება გზამკვლევად გამოგვადგეს რელიგიის გამოცდილება. ცხადია, აქ ლაპარაკია რელიგიის იდეაზე და არა რელიგიურ ინსტიტუციებზე, რომლებიც ისევე მოწყვლადები არიან ჩვენს სამყაროში, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ცალ-ცალკე აღებული.
რელიგიის მთავარი იდეა სამი კომპონენტისაგან შედგება.
პირველი: ის მოუწოდებს ადამიანს, გათავისუფლდეს ეგოცენტრიზმისგან. ამით ის ეუბნება ადამიანს: ვინც არ უნდა იყო, რა გავლენაც არ უნდა გქონდეს დღეს, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს - შენ არა ხარ დედამიწის ჭიპი. ორთქლი ხარ, რომელიც ერთხანს გამოჩნდები ამ პლანეტაზე და მერე მალევე გაქრები. ამიტომ საჭიროა, საზრიანად იცხოვრო. ჭკუა დაატანო შენს არჩევანს და გადაწყვეტილებას.
მეორე: შენ იმისთვისა ხარ ადამიანი, რომ მიიღო განსხვავებული და იზეიმო ეს განსხვავებულობა. ეს სამყარო ასეთი შექმნა ღმერთმა - მრავალფეროვანი. აკი რუსთაველიც გვეუბნება - "გვაქვს უთვალავის ფერითა“-ო.
მესამე: ჩვენ გვჭირდება ემპათიის გაღვივება და გაფართოვება ჩვენს გულში. ემპათიამ უნდა მოიცვას ჩვენი თანაგრძნობა ადამიანის ტკივილისა და განცდების მიმართ და ასევე თანაგრძნობა ჩვენი პლანეტისა და მისი მკვიდრების მიმართ. ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს მიმართ.
შეიძლება, ვინმემ თქვას, იმისათვის, რომ ეგოცენტრიზმისგან გავთავისუფლდე, ინკლუზიური ვიყო და ემპათიური, ამისათვის ღმერთი და რელიგია სულაც არა მჭირდებაო. მართალიც იქნება. ასეთებს თავიანთი გზით გაუმარჯოთ და დაე, იმავე ღმერთმა, რომლის მიმღებლობაც მათ უჭირთ - მიზეზთა გამო - ხელი მოუმართოს მათ ამ საქმეში ადამიანი რელიგიისთვის კი არ არსებობს, რელიგია არსებობს ადამიანისთვის, ასე ფიქრობდა და ამას ამბობდა იესო ნაზარეველი, რომელსაც თბილისში გამეტებით ურტყამენ და ძირს ათრევენ.
ჩვენი საშველი სამართლიანობის მხარეზე დგომაშია, ჩვენი საშველი პატიებასა და სიყვარულშია, ჩვენი საშველი ნამდვლ მშვიდობაშია, სადაც არავინ არავის სცემს განხვავებული აზრის გამო, არავინ არავის ჩაგრავს მისი იდენტობის გამო, არავის არავინ იბრიყვებს მისი რწმენის გამო, არავინ არავის ძარცვავს, არავინ სხვის ფულს არ იჯიბავს და არ იტაცებს იმას, რაც მისთვის ნებით არ მიუციათ.
ყველაზე კუნაპეტი ღამეც კი მარცხდება მზის ამოსვლასთან. ნამდვილი მშვიდობისა და სამართლიანობის მზე უსათუოდ ამოანათებს ჩვენს ქალაქში და ყველგან, იესო ნაზარეველს აღარ გაიგდებენ წიხლქვეშ, ციხის კარს გაუღებენ და გამოუშვებენ, მიიღებენ, წყალს დაალევინებენ, პურს აჭმევენ, გულში ჩაიკრავენ ისეთსას, როგორიც ის არის.
მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი
შობის წინეების პირველი კვირა
P.S. შობა კარს არის მომდგარი. ვისაც წვლილი მიგიძღვით თბილისში იესოს ცემასა და წამებაში, გირჩევთ, საშობაო სანთელს ნუ აანთებთ. ეს თვალთმაქცობა იქნება და სირცხვილია.
სახალხო დამცველის ცნობით, აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული. ლევან იოსელიანი და მისი რწმუნებულები ხვდებიან დაკავებულებს, რომელთა უმრავლესობაც პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს.
"დაზიანებები პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს.
დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს" - ამბობს იოსელიანი.
"ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს" - ნათქვამია სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების განცხადებაში, რომლებიც აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებებს იცავენ.





