საქართველოს განათლების სამინისტრო

შესაძლოა, ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდეს - ექსპერტები

უმაღლესი განათლების ექსპერტები: ირინე დარჩია; ლიკა ღლონტი; მარინე ჩიტაშვილი და ქეთი ცოტნიაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს, რაც, მათივე თქმით, იმას გამოიწვევს, რომ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდება.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობასა და  ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე" - წერია განცხადებაში.

ასევე, განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ENQA-ს წევრობისა და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც მოჰყვეს, რაც მათივე განცხადებით, გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.

"აგრეთვე, ეს  ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ENQA-ს წევრობისა და EQAR -ის რეგისტრაციის დაკარგვის შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება. ". - წერია განცხადებაში.

ექსპერტების თქმით, 2019 წელს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და  ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. 

კომენტარები