ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეს სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოში "ლიბერალური ფაშიზმის სრულიად აღმოფხვრაზე" ისაუბრა.
როთის თქმით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს:
"საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს "ლიბერალური ფაშიზმი", რომელიც "კრემლის სტილში" უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!" - დაწერა მიხაილ როთმა თავის სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში "კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას" ბოლოს მოუღებდა:
"ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში" - თქვა კობახიძემ.