ბიტკოინი

ისტორიაში პირველად ბიტკოინის ღირებულებამ $100 000-ს გადააჭარბა

4 დეკემბერს ბიტკოინის, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ღირებულებამ  ისტორიაში პირველად $100 000-ს გადააჭარბა.

ანალიტიკოსები ბოლო თვის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულების თითქმის 42%-იან ზრდას აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვებას მიაწერენ. 

5 ნოემბერს 1 ბიტკოინი დაახლოებით $70 000 ღირდა. 

ტრამპს აშშ-ში მიიჩნევენ, როგორც ბიტკოინისადმი დადებითად განწყობილს, ვინაიდან მას წინასაარჩევნო კამპანიების დროს უთქვამს, რომ კრიპტოვალუტის სექტორს გააძლიერებდა და სექტორზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებდა. ტრამპმა ასევე დადო პირობა, რომ შექმნიდა ფედერალური მთავრობის პირველ ეროვნულ სტრატეგიულ ბიტკოინის რეზერვს (National Strategic Bitcoin Reserve). 

ბიტკოინის გარდა, ტრამპის გამარჯვების ფონზე 27%-ით გაიზარდა Ethereum-ის, მსოფლიოში ღირებულებით მეორე კრიპტოვალუტის ფასიც. 140%-ით გაიზარდა ტრამპთან დაახლოებული მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის "ფავორიტი" კრიპტოვალუტის, Dogecoin-ის ღირებულებაც. 

ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ 70%-ით გაძვირდა კრიპტო სავაჭრო პლატფორმის, Coinbase-ის აქციებიც. 

ბრაიან არმორმა, ფინანსური ფირმა Morningstar-ის პასიური სტრატეგიების კვლევის დირექტორმა, ბოლოდროინდელი კრიპტო მატება, სხვა მიზეზებთან ერთად, ინვესტორების მიერ ტრამპის მხრიდან მეგობრული ეკონომიკური პოლიტიკის მოლოდინს მიაწერა. 

მიუხედავად ამისა, როგორც არმორი გამოცემა ABCNews-თან ამბობს, კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის ღირებულების ცვალებადობა ხშირად დამტკიცებულა, რომ არასტაბილურია. არმორის თქმით, ბიტკოინის ფასი შეიძლება დაეცეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გაუჭირდება. 

"სანამ ნარატივი პოზიტიურია, ყოველთვის არის ადგილი ზრდისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის არ სრულდება. [ბიტკოინი] ჯერ კიდევ ძალიან არასტაბილური აქტივია". - ამბობდა არმორი ბიტკოინის ღირებულების $100 000-მდე გაზრდამდე.

კომენტარები