"ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში" - ასე სცადა ივანიშვილის რეჟიმმა გაემართლებინა გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პროცესს თავად აჩერებენ.
განცხადებას უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება და რეჟიმი მას ძალადობრივად ებრძვის. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა მოქალაქეებში ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ცნობების გამო არსებული ფრუსტრაცია.
პროტესტი ლეგიტიმურია და ოცნების დეკლარირებულმა გადაწყვეტილებამ მის გაღვივებაში დიდი როლი შეასრულა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ამ განცხადებაში რაიმე ახალია ან ევროინტეგრაციის დაბრკოლება რეჟიმის არსებობის გასახანგრძლივებლად უკვე დიდი ხანია ოცნების გეგმებში არ შედის.
ქართული ოცნება არ ტყუის, როცა ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მათ გადაწყვეტილებამდეც ისედაც შეჩერებული იყო. ამას თვეების განმავლობაში ამბობდნენ EU-ს ლიდერები და ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. პრობლემა ისაა, რომ ეს სწორედ ოცნების პოლიტიკის და მათ მიერ რეკომენდაციების არათუ შესრულების, არამედ შესაბამისი კრიტერიუმების წინააღმდეგ მოქმედების შედეგი იყო. მორიგი ვრცელი განცხადება, რომელიც უბრალოდ თარიღს აზუსტებს ხელისუფლების გეგმის შესახებ, ამაში არაფერს ცვლის.
ბრალდებები, რომ ევროკავშირი პროცესს "საქართველოს შანტაჟისთვის იყენებდა", იმდენადვე უსაფუძვლოა, რამდენადაც არგუმენტები, რომლებიც რეჟიმმა ვრცელ განცხადებაში გამოიყენა - იქნებოდა ეს ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, სხვა კანდიდატებთან საქართველოს შედარება, გადაწყვეტილების ქართული ამომრჩევლის დაკვეთად გასაღება თუ სხვა.
"შანტაჟი" ფულით, რომელსაც ისედაც აღარ გაძლევდნენ
"ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა" - ამბობს რეჟიმი და მათვე საქართველოს სახელით 2028 წლის ბოლომდე უარი თქვეს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირისგან. თუმცა, რთული სათქმელია, ქართულმა ოცნებამ მათივე ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად დატოვა თუ არა რაიმე მოქმედი ფინანსური მხარდაჭერა, რაზეც უარის თქმა კვლავ შეეძლოთ.
გასული წლების განმავლობაში ევროკავშირმა ჯერ 2021 წელს დაიწყო საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერება, რისი მიზეზიც ის იყო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო შეესრულებინა დახმარების მიღების პირობები. ქართულმა ოცნებამ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს და საკუთარი ინიციატივით თქვა უარი მხარდაჭერაზე.
ოცნების ლიდერები თვეების განმავლობაში იმეორებდნენ პროპაგანდას, რომ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკურ განვითარებაში ევროკავშირს რაიმე განსაკუთრებული წვლილი არ მიუძღვის და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ვერ ხედავდნენ, რომ "ფული ცვივა ღრუბლებიდან". ეს საქართველოს განვითარებაში ევროკავშირის დახმარების როლის დაკნინების მორიგი მცდელობა იყო.
ფული უნდა ცვიოდეს? – როგორ და რა პირობებით ეხმარება EU კანდიდატ ქვეყნებს
ამას მოჰყვა ანტიდასავლური პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონისა და სხვა ინიციატივების მიღება, რაზეც ევროკავშირსაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. კანონის მიღების შემდეგ თავდაპირველად ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება შეაჩერა, ამას მოჰყვა არაერთი დახმარების შეჩერება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდანაც და პროცესი ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა.
მეტიც, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისკენ გადაემისამართებინა.
"ერთ-ერთი შესაძლო შედეგი არის ის, რომ შევზღუდოთ, სხვაგან მივმართოთ ან ფოკუსი შევუცვალოთ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც უკვე მრავალი წელია ვაწვდით საქართველოს". - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა რუსული კანონის მიღების საპასუხო ზომებზე საუბრისას.
მხარდაჭერის გადამისამართება სამოქალაქო სექტორისკენ, ანუ როცა EU პირობას თავად ასრულებს
ევროკავშირი იყო და კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ქვეყანა კარგავს ძირითად მხარდამჭერს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელმწიფო ინსტიტუტების, კულტურისა და განათლების სექტორის დაფინანსებაში.
2028 წლამდე ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარის თქმა უბრალოდ სიტყვებით თამაშია, რადგან ამ შემთხვევაშიც ოცნების სიტყვებს წინ მოქმედებებმა გაუსწრო და მხარდაჭერის შეჩერებაც ევროკავშირმა იქამდე დაიწყო, სანამ მას ოცნება მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.
"ჩვენ არ ვჩერდებით"
ოცნება ამტკიცებს, რომ 2028 წლისთვის ისინი საქართველოს იმდენად ძლიერ ქვეყანად აქცევენ, რომ ის "ევროკავშირს გაამდიდრებს". მათი განცხადებით, ხელისუფლება არ გაჩერდება და გააგრძელებს "ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას".
საქმე ისაა, რომ ევროკავშირს ასოცირების შეთანხმება მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული და ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად ძირითადად ზედაპირული ორმხრივი ურთიერთობების რეგულირებას გულისხმობს. ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ იძლევა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას და სწორედ ამიტომაც ამ ხელშეკრულების არსებობა გაწევრიანების პროცესის ძირითადი ნაბიჯების ნაწილიც კი არ არის.
იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში საბოლოო შესვლისთვის მზად ჩაითვალოს, საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ბლოკის კანონმდებლობასთან დაახლოება, რაც მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით შეუძლებელია. ამ ეტაპამდე გზა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რეკომენდაციების შესრულება და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებაა, რისი მტკიცებულებაც ევროკავშირის წევრებისა და წარმატებული კანდიდატების მიერ განვლილი გზაა.
ოცნების ფორმალურ გადაწყვეტილებამდე ევროკომისიამ თავადვე გამოაქვეყნა წლიური ანგარიში საქართველოს პროგრესის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანას სრულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია და ხელისუფლებას სახელმწიფო დემოკრატიული უკუსვლით მიჰყავს.
არცერთი სრულად შესრულებული პირობა – როგორ აფასებს ევროკომისია 9 რეკომენდაციის შესრულებას
შესაბამისად, ქართული ოცნების პროპაგანდისტული მტკიცება, რომ ისინი ევროკავშირთან დაახლოებას არ წყვეტენ და ამას ასოცირების ხელშეკრულების გზით მოახერხებენ, კიდევ ერთი ტყუილია. ხშირად რეჟიმი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აპელირებს, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილიცაა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ასევე მოიცავს დებულებებს ევროპული ფასეულობების განმტკიცების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, ძირითად თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის შესახებ, რასაც ხელისუფლება ყოველდღიურად უთხრის ძირს.
წესებით მანიპულირება
რეჟიმი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის არაერთგვაროვნებით მანიპულირებს და ამტკიცებს, რომ "მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული".
ამის არგუმენტად მოჰყავთ ფაქტი, რომ საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა "სამივე შემთხვევაში წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია".
ირონია იმაშია, ოცნების მიერ მოყვანილი ფაქტები ხშირად სწორედ მათ წინააღმდეგ არგუმენტებს წარმოადგენს: ამჟამად უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ბევრად უსწრებენ - პროცესი არათუ შეჩერებულია, არამედ მათ უკვე დაიწყეს გაწევრიანების მოლაპარაკებები.
ფაქტებს ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოცნება საქართველოს წარმატებაზე უსვამს ხაზს, მათი ანტიდასავლური პოლიტიკა ჯერ ამგვარად გააქტიურებული არ იყო. ამჟამად სიტუაცია პირიქითაა, მოლდოვასა და უკრაინას დემოკრატიულად არჩეული პროევროპული ლიდერები ჰყავს, მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს დასავლეთს ყოველდღიურად აშორებს.
ოცნება ასევე მანიპულირებს ცნობებით, რომ, მაგალითად მონტენეგრომ და სერბეთმა 2012 და 2014 წლებში გახსნეს მოლაპარაკებები თუმცა ამით ევროინტეგრაცია არ დაჩქარებულა, თურქეთს კი ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს შეუწყვიტა. კიდევ ერთხელ - ფაქტები ნამდვილად სწორია, თუმცა ისინი კვლავ ოცნების წინააღმდეგ მუშაობს.
თითოეული ეს გაჭიანურებული შემთხვევა თავად კანდიდატ ქვეყნებში პრობლემებითაა გამოწვეული - იქნება ეს დემოკრატიული უკუსვლა სერბეთში, ადამიანის უფლებების დარღვევები და მართლმსაჯულების პრობლემები მონტენეგროში, თუ სხვა ევროკავშირისთვის შეუსაბამო საკითხები ყველა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ევროკავშირი დაადანაშაულოს იმაში, რომ საქართველო დასავლეთში ინტეგრაციას ყოველდღიურად შორდება. ამისთვის ოცნება ფაქტების მანიპულაციასა და შედეგების ინტერპრეტაციას აქტიურად იყენებს.
ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ მათი პოლიტიკური კურსი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, 1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთაა და ამით კვლავ ოქტომბრის არჩევნებში მათ მიერ მიღებულ შედეგებზე უსვამენ ხაზს. თუმცა, როგორც წლების განმავლობაში კვლევები აჩვენებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 85%-ზე მეტი უჭერს, ხოლო თავად ქართული ოცნების მიერ მოყვანილი რიცხვი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა არჩევნების გაყალბების შესახებ ცნობების, საერთაშორისო აღიარებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების დასკვნების მოლოდინში.
სიმართლე ერთია - საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე შეუძლებელია იყოს ვინმეს ბრალი, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. ის ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, სახელისუფლებო ბერკეტების არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შედეგია.
რეკომენდაციების, რომელთა შესრულება შეუძლებელს გახდის ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას და ოცნების ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას, რადგან ის მოიცავს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, კანონის უზენაესობის გამყარებას, კორუფციის აღმოფხვრას და ადამიანის უფლებების დაცვას. შესაბამისად, ოცნების აზრით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება მათი არსებობის გაგრძელების გარანტიაა.