ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებასა და ქვეყანაში ზოგად პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს. ანგარიში აჯამებს, რომ მთავრობის მიერ გასული წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების, განსაკუთრებით უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების გამო ამჟამად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეჩერებულია.
ევროკომისია ასევე მიმოიხილავს 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის წარდგენილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსაც:
1. ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა
ევროკომისია აღნიშნავს, რომ გასულ წელს ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა და მათი მთავარი წყარო ქართული ოცნების ხელისუფლება იყო.
"შეფასების პერიოდში გაიზარდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მანიპულაციის შემთხვევები. 2024 წლის აპრილში უცხოური გავლენების კანონპროექტის ხელახალი წარდგენის შემდეგ გამწვავდა ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილები, რომლებსაც აქტიურად ავრცელებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები და დეპუტატები. წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამთავრობო მედიებმა დეზინფორმაცია გააძლიერეს". - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ხაზგასმულია მთავრობის მიერ 2023 წლის დეკემბერში საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, თუმცა ევროკომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა
ევროკომისია აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და შესაბამის განცხადებებთან კვლავ დაბალი - 49% იყო.
"საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელორუსთან დაკავშირებულ შემზღუდავ ზომებს. ქვეყანამ კვლავ გაზარდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით". - წერს ევროკომისია.
3. პოლიტიკური პოლარიზაცია
ევროკომისიის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაციის დონე ქვეყანაში კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო წლის განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე პარტიები თითქმის არ თანამშობლობდნენ. ამასთან, მთავრობამ არ უზრუნველყო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მუქარა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ კვლავ გრძელდებოდა" - აღნიშნავს ევროკომისია და ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ გაჟღერებულ ნარატივს.
ანგარიშში ასევე ნახსენებია ქართული ოცნების მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის გაუარესება, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების ნაბიჯების ანტიევროპულად შეფასებით იყო გამოწვეული.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი
ევროკომისია ხაზს უსვამს არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინასწარი დასკვნებში მოხსენიებულ პრობლემებს - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პროცედურული შეუსაბამობები, დაშინება, ზეწოლა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა პროცესის მიმართ ამომრჩევლის ნდობაზე. ევროკომისია ნეგატიურად აფასებს მთავრობის მიერ ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე მიღებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კვლავ პარლამენტის უბრალო უმრავლესობით არჩევას.
5. პარლამენტის ზედამხედველობა და ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა
ევროკომისია საუბრობს სხვადასხვა უწყებებში - ცესკოში, ეროვნულ ბანკში, კომუნიკაციების კომისიაში კადრების დანიშვნის პრობლემებსა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გამოწვევებზე. კომისია პრობლემურად მიიჩნევს 2021 წლის მასშტაბური ფარული მოსმენების ჯერ კიდევ გამოუძიებლობას და აღნიშნავს, რომ 2024 წლის მარტში მიღებული საარჩევნო ცვლილებები ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
6. სასამართლო რეფორმა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა არ უზრუნველყო სასამართლო სისტემის ჰოლისტური რეფორმა. კომისია ნეგატიურად აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში კადრების დანიშვნის პროცედურას.
"2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს" - წერს ევროკომისია.
7. ანტი-კორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობა
კომისია მიიჩნევს, რომ ანტი-კორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური დიზაინი არ ითვალისწინებს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები არ მოიცავდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. კვლავ პრობლემური საკითხია ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საგამოძიებო გავლენა მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე.
8. დეოლიგარქიზაცია
ევროკომისიის ცნობით, მთავრობის მიერ ფორმალურად მიღებული გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთან, კომისია ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები - ოფშორების კანონი - არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
9. ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობასა და მუქარაზე
ევროკომისია მიიჩნევს, რომ მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის გავრცელების გამო, LGBTQ ადამიანები საქართველოში სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან და მტრულ გარემოში უწევთ ცხოვრება.
კომისია პირველ რიგში ხაზს უსვამს მთავრობის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით მიღებულ ანტი-LGBTQ კანონს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ კანონი მიღებული იყო წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე, ამასთან ვენეციის კომისიის რეკომენდაციის წინააღმდეგ.
"უცხოური გავლენების კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას" - აღნიშნავს კომისია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმოხილვისას.