2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების განახლებული ჩამონათვალი მიიღო. 9 რეკომენდაცია მოიცავს ახალ და კვლავ შესასრულებელ ძველ მოთხოვნებს, რომლებიც ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისთვის უნდა შესრულებულიყო.
რეკომენდაციებს შორის ახალ პუნქტებთან ერთად იყო უკვე მრავალჯერ ნახსენები აუცილებლობა, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და ორგანიზაციები ჩაერთონ კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ხელისუფლებას პირობა ნაწილობრივაც კი არ შეუსრულებია და ეს აისახა არასამთავრობო ორგანიზაციების შუალედურ დასკვნაშიც. თუმცა, სიტუაცია არაერთი მხრიდან შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდაციის არაპირდაპირ, ნაწილობრივ შესრულებას და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას თავად ევროკავშირი გეგმავს.
რას გულისხმობს და როგორ (არ) შესრულდა რეკომენდაცია
ევროკომისიამ რეკომენდაცია ასევე პირდაპირ დააკავშირა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობასთან, მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ჟურნალისტებისთვის თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, რაშიც სამოქალაქო საზოგადოება დიდ როლს თამაშობს.
სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაძლიერება ასევე ერთ-ერთი პირობა იყო კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციაშიც. სტატუსის მიღებამდე ეს საჭიროება არათუ აღმოიფხვრა, არამედ უფრო გართულდა და სწორედ ამიტომ რეკომენდაცია კვლავ აქტუალურად დარჩა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2023 წელს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების პირველად ცდა და ამით სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
პირველ ჯერზე ქართულმა ოცნებამ კანონი უკან გაიწვია და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პროცესი დასრულდა. ქვეყანას დეკემბერში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო და კითხვის ქვეშ დააყენა არათუ სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა, არამედ მათი არსებობაც კი.
რეკომენდაცია თავისთავად გულისხმობდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან კონფრონტაციული რეჟიმის შეწყვეტას და მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების არმიღებას, მათთან თანამშრომლობის დაწყებას, განსაკუთრებით კი 9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში.
ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ადანაშაულებდნენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუარესდა უცხოური გავლენების შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ. ხელისუფლებამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებლის იარლიყი მიაწება.
შესაბამისად, ლოგიკურია, რომ რეკომენდაციის არსი შეცვლილია და სანამ პროცესებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობასა და მათ თავისუფლად მუშაობაზე დაიწყებოდა საუბარი, ნაბიჯი უკან გადაიდგა და საჭირო გახდა გვესაუბრა მათ არსებობასა და თავისუფლად მუშაობაზე.
იქამდეც კი, სანამ კანონს საბოლოოდ მიიღებდნენ არ შეინიშნებოდა რაიმე სახის წინსვლა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით. 2024 წლის პირველ თვეებში აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ ინსტიტუტში არ გამართულა კონსულტაციები ან დიალოგის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან.
რეკომენდაციის გაცემიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მოიცავდა პირობების შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს. გეგმაში გაიწერა, რომ უნდა გამართულიყო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მიმდინარე გამოძიების შესახებ. გეგმა ასევე გულისხმობდა რეგულარულ შეხვედრებს საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციების მისაღებად.
თუმცა, ხელისუფლებამ არათუ შეასრულა მის მიერვე დამტკიცებული გეგმა, არამედ თავად ამ გეგმის შემუშავების პროცესშიც კი არცერთი სამოქალაქო ორგანიზაცია არ დაუშვა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მკვლევარმა და დეზინფორმაციის მიმართულებით FactCheck-ის ანალიტიკოსმა, იაკობ ლაჩაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ ხელისუფლება მათთან თანამშრომლობის მზაობას არასდროს გამოხატავდა, თუმცა ახლა წნეხი მეტად გაზრდილია.
"როცა ხელისუფლება არ მუშაობს ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება აქამდეც ვმუშაობდით და დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან არასდროს გვქონია. შეიძლება ითქვას, აქამდე ნაკლებად გვიშლიდნენ ხელს და ახლა აგენტების კანონის გზით უფრო დიდი წნეხის ქვეშ გვიწევს მუშაობა". - ამბობს ლაჩაშვილი.
მხარდაჭერის გადამისამართება, ანუ შესაძლო უკუშედეგი
რუსული კანონის მიღება გახდა მიზეზი დასავლეთიდან არაერთი სახის საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერებისა, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგადად საქართველოს დახმარების შეჩერებასა და სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს.
"ერთ-ერთი შესაძლო შედეგი არის ის, რომ შევზღუდოთ, სხვაგან მივმართოთ ან ფოკუსი შევუცვალოთ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც უკვე მრავალი წელია ვაწვდით საქართველოს." - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კანონის მიღების საპასუხო ზომებზე საუბრისას.
ფინანსური დახმარების გადახედვა, საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება ასევე ნახსენები იყო ივნისში ევროკომისიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ დოკუმენტშიც.
ივლისში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ ასევე თქვა, რომ ისინი ხელისუფლებისთვის შეწყვეტილი დაფინანსების ხარჯზე სამოქალაქო სექტორს დაეხმარებოდნენ.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას". - თქვა ელჩმა.
ქართული ოცნების პროპაგანდას, რომ ისინი, მაგალითად, საფრანგეთიდან საბიუჯეტო დახმარებას არ იღებდნენ, მოჰყვა საელჩოს განმარტებაც. 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საფრანგეთიდან €945 მილიონის საბიუჯეტო დახმარება მიიღო. ამ თანხიდან €724 მილიონი საბიუჯეტო სესხებზე მოდის, €185 მილიონი კერძო სესხებზე, ხოლო €35 მილიონი გრანტებზე.
ევროკომისიის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვისა და სახელმწიფო უწყებებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
ამ წლებში საჯარო სექტორმა €517.85 მილიონი მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა €46.1 მილიონი. ამ უკანასკნელში შედის 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი უკვე გაყინა. ეს ნიშნავს, რომ ამგვარი თანხები სამინისტროების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო სექტორის დასაფინანსებლად იქნას გამოყენებული.
2019-2024 წლებში ევროკავშირისგან არასამთავრობო სექტორისკენ მიმართული დაფინანსების 2/3 განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.
ამ დახმარების 1/3 განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა, დეცენტრალიზაცია და სხვა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილი, ასევე მოჰყვა დანიის მიერ, დაახლოებით, 28 მილიონი ლარის ოდენების დახმარების შეჩერებაც.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ისეთი უცხოური დახმარებისა და გრანტების წილი, როგორსაც ევროკავშირი გასცემს 1-1.5%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ ამ დახმარების შეწყვეტა საჯარო სექტორსა და სერვისებს საფრთხის წინაშე არ დააყენებს. თუმცა, თუ ამგვარი დაფინანსება სამოქალაქო ორგანიზაციებისკენ წარიმართება, ეს სექტორს საგრძნობლად გააძლიერებს.
კანონის მიღების შემდეგ დონორებმა უფრო გაამარტივეს არსებული მხარდაჭერის მოდიფიცირება, ახალ საჭიროებაზე მორგება და ასე შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა სახის დაფინანსების შეჩერებას ან გადამისამართებას აპირებენ დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები, თუმცა ტენდენცია უკვე იკვეთება.
ამ ლოგიკით ქართული ოცნება, რომელსაც კრიტიკულად განწყობილი სექტორის დასუსტება სურდა, მიიღებს გაზრდილ მხარდაჭერას ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კვლავ და მეტად შეძლებენ ხელისუფლების ქმედებების მონიტორინგს, დაიცავენ მეტი მოქალაქის უფლებებს, გააძლიერებენ სოციალურ სერვისებს და სხვა.
ასე ევროკავშირი მის მიერვე გაცემული რეკომენდაციის შესრულებას ნაწილობრივ თავადვე დაიწყებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ რამენაირად არასამთავრობო სექტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე იყო - პირიქით. ამასთან, ეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად არ ჩაითვლება. სწორედ ხელისუფლებამ გააჩინა სამოქალაქო სექტორისთვის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობა.
არაერთი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან ფუნქციონირებას მაინც წყვეტს, რადგან მათთვის უცხოური ინტერესების გამტარებლების რეესტრში რეგისტრაცია მიუღებელია. სხვა ორგანიზაციები არსებობის გასაგრძელებლად სხვადასხვა გზას პოულობენ - იქნება ეს რეალობასთან დროებით შეგუების სანაცვლოდ მუშაობის გაგრძელება, სხვა იურისდიქციის ქვეშ გადარეგისტრირება თუ სხვა.
შესაბამისად, პარტნიორების მიერ უკვე არაერთხელ გაჟღერებული გეგმა, რომ ისინი სექტორს მხარს მეტად დაუჭერენ, ერთი მხრივ, სამწუხაროა მისი არაებობის აუცილებლობის გამო, თუმცა ასევე საკმაოდ დამაიმედებელია.