საფრანგეთი

საფრანგეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადების შედეგად დაიშალა

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მიშელ ბარნიეს მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა) უნდობლობის გამოცხადების შემდეგ დაიშალა.

საფრანგეთის 577 დეპუტატიდან 331-მა უნდობლობის გამოცხადებით, მიშელ ბარნიეს გადაყენებას მისცა ხმა მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა.

საფრანგეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიშელ ბარნიე თანამდებობას დატოვებს. ის გახდება პრემიერმინისტრი, რომელიც თანამდებობას ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მოკლე ხნით იკავებდა. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევაა, 1962 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის მთავრობა უნდობლობის გამოცხადების შედეგად დაიშალა.

"ჩვენ ჭეშმარიტების მომენტამდე მივაღწიეთ". ​​- განაცხადა პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა მარინ ლე პენმა და დაამატა, რომ ბარნიეს შემცირებული ბიუჯეტის გეგმები საშიში და უსამართლო იყო და ეს საფრანგეთისთვის ქაოსს ნიშნავდა. 

მეორე მხრივ, საფრანგეთის მემარცხენე პარტიამ  მაკრონის გადადგომა მოითხოვა. "ნდობის გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონის მთელი პოლიტიკა დამარცხდა და ჩვენ ვითხოვთ, რომ ის წავიდეს". - განაცხადა მატილდა პანომ.

საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრეზიდენტ მაკრონს ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნა მოუწევს. გამოცემა Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ მაკრონს სურს, პრემიერის ვინაობა შაბათს, ნოტრ-დამის კათედრალის ხელახალი გახსნის ცერემონიამდე გამოაცხადოს, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება.

კომენტარები