საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს სამართალდამცველები სასტიკად უსწორდებოდნენ ფიზიკურად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე მის შემდეგაც.
"დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან. სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. ამ დროითვის, დაკავებულთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მათ მთელ სხეულზე სისხლჩაქეცევები აღენიშნებათ, აქვთ დაზიანებები სახის არეში - ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.
დაკავებულების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე - დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ღვიძლისა და კეფის არეში ჩაერტყათ. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: - "ტრა*ში გაგ**რით დუბინკას”, „მოგწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტრა**ი ტ**აური, გაგიკეთებთ დუბინკას უკან”. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
TI-ს განცხადებაში ასევე წერია, რომ დაკავებულების ცემის დროს, სამართალდამცველებს ერთი პირი ზედამხედველობას უწევდა, რათა ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო.
"ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ წიხლებს სახისა და ზურგის არეში.
სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში ფეხშიშველი მიიყვანეს. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და კოდის მოხსნას სთხოვდნენ". - წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, ისინი გმობენ ამ არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას მოითხოვენ.
მე-5 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.





