აშშ-ს ჰელსინკის კომისია წერს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეები სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს იცავენ და რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე უარს ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან კი ძალადობა დახვდათ. მათივე თქმით, ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.
"ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა, რათა თავიანთი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის პროტესტი გამოხატონ, საპასუხოდ კი ძალადობა და რეპრესიები დახვდათ. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე.
ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!". - წერს ჰელსინკის კომისია.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.